ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - დაუყოვნებლივ თუ არ შეჩერდება ომი, თავდასხმები ღაზის მშვიდობიან მოსახლეობაზე, მძიმე შედეგები იქნება მათთვის, ვინც ამ ომს აწარმოებს
დაუყოვნებლივ თუ არ შეჩერდება ომი, თავდასხმები ღაზის მშვიდობიან მოსახლეობაზე, მძიმე შედეგები იქნება მათთვის, ვინც ამ ომს აწარმოებს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა თურქეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
თურქ კოლეგასთან, ჰაქან ფიდანთან შეხვედრისას, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თუ დაუყოვნებლივ არ შეჩერდება გენოციდი და ომის დანაშაულები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
„სიონისტური რეჟიმი ყველა სახის აკრძალულ იარაღს იყენებს. ღაზის შესახებ ინფორმაციას თვალს თუ ადევნებთ, მსხვერპლი აჩვენებს აკრძალული იარაღის გამოყენების ტიპსა და მასშტაბს. ეს ომი დაუყოვნებლივ თუ არ შეჩერდება და ამერიკისა და ისრაელის მიერ არ შეჩერდება ერთობლივი თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის, ღაზის ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ, მაშინ შედეგები მძიმე იქნება მათთვის, ვინც ამ ომს აწარმოებს. შეხვედრების, რომლებიც გვქონდა კატარში, დოჰაში „ჰამასის“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და წინააღმდეგობისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ თუ დაუყოვნებლივ არ შეჩერდება გენოციდი და ომის დანაშაულები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ რეგიონში იმ წერტილთან, სადაც გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა.