ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - რეგიონში ომის გაფართოებას არ მივესალმებით, მაგრამ თუ ღაზაში გენოციდი გაგრძელდება, ეს ცეცხლი აშშ-საც არ დაინდობს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - რეგიონში ომის გაფართოებას არ მივესალმებით, მაგრამ თუ ღაზაში გენოციდი გაგრძელდება, ეს ცეცხლი აშშ-საც არ დაინდობს

ჩვენ არ მივესალმებით ომის გაფართოებას რეგიონში, მაგრამ თუ ღაზაში გენოციდი გაგრძელდება, ეს ცეცხლი აშშ-საც არ დაინდობს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა.

„გულწრფელად ვეუბნები ამერიკელ სახელმწიფო მოღვაწეებს, რომლებიც ახლა მართავენ პალესტინაში გენოციდს, ჩვენ არ მივესალმებით ომის გაფართოებას რეგიონში, მაგრამ თუ ღაზაში გენოციდი გაგრძელდება, ეს ცეცხლი აშშ-საც არ დაინდობს. ეს არის ჩვენი სახლი და დასავლეთ აზია ჩვენი რეგიონია. ჩვენ არ მივდივართ კომპრომისზე არცერთ მხარესთან და არ გვაქვს დათქმა, როცა საქმე ეხება ჩვენი სახლის უსაფრთხოებას. გენოციდი ღაზაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ღაზის მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება. დღეს ღაზა ელოდება სასწრაფო და სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰუმანიტარულ დახმარებას. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პალესტინის განმათავისუფლებელი მოძრაობა „ჰამასი“ ებრძვის ოკუპაციას და აქვს ლეგიტიმური უფლება“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის თქმით, „ჰამასმა“ ირანს განუცხადა, რომ მზად არის, გაათავისუფლოს მშვიდობიანი მძევლები და აღნიშნა, რომ მსოფლიომ უნდა გაათავისუფლოს ისრაელის ციხეებში მყოფი 6 000 პალესტინელი.

„ჩვენი მოლაპარაკებების თანახმად, „ჰამასი“ მზადაა, გაათავისუფლოს მშვიდობიანი პატიმრები. მეორე მხრივ, მსოფლიომ მხარი უნდა დაუჭიროს ისრაელის ციხეებში მყოფი 6 000 პალესტინელის გათავისუფლებას. ირანი მზადაა, კატართან და თურქეთთან ერთად, თავისი როლი შეასრულოს ამ ძალიან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ წამოწყებაში. ბუნებრივია, 6 000 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება გლობალური საზოგადოების კიდევ ერთი აუცილებლობა და პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა.