ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რეგიონის დესტაბილიზაციისთვის ნებისმიერი ქმედების მიზეზი ისრაელის რეჟიმია
ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში ისრაელის დაზვერვის სამსახურის, „მოსადის“ საქმიანობის შესახებ ირანმა ერაყს ინფორმაცია გაუზიარა, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რეგიონის დესტაბილიზაციისთვის ნებისმიერი ქმედების მიზეზი ისრაელის რეჟიმია.
ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის განცხადებით, ირანს სურს, რომ აშშ-მა აიძულოს ისრაელის რეჟიმი, შეწყვიტოს ომი ღაზაში. რეგიონში ტერორისტების მიერ კონტროლირებად სამიზნეებზე ირანის თავდასხმებთან დაკავშირებით ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა თქვა, რომ ირანის შეიარაღებული ძალების თავდასხმები „ტერორიზმთან ბრძოლასა და ლეგიტიმურ თავდაცვას შეესაბამება“.