ირანის პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას 70-ზე მეტი უცხოელი დელეგატი, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები დაესწრებიან
ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ფიცის დადების ცერემონიას 70-ზე მეტი უცხოელი დელეგატი, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები, რეგიონული და საერთაშორისო ორგანოების გენერალური მდივნები დაესწრებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ირანის დედაქალაქ თეირანში პრეზიდენტები, ვიცე-პრეზიდენტები, მინისტრების მოადგილეები, პარლამენტის სპიკერები, ელჩები და 600-მდე ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტი შეუერთდებიან ცერემონიას, სადაც 69 წლის ფეზეშქიანი ირანის პრეზიდენტის ფიცს დადებს.
თეირანში ჩავიდნენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ენრიკე მორა, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი ცუგე იოშიფუმი, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩუნგ ბიუნგ-ვონი, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) გენერალური მდივანი ჟან მინი, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი ბადრ აბდელატი, ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტი ჯერალდო ალკმინი და სხვები.
ფეზეშქიანმა ირანის მეცხრე პრეზიდენტის თანამდებობაზე ოთხწლიანი ვადა ოფიციალურად დაიწყო მას შემდეგ, რაც ისლამური რევოლუციის ლიდერმა, აიათოლა სეიედ ალი ხამენეიმ მას მხარი დაუჭირა.