ირანის პრეზიდენტი - სიონისტური რეჟიმის აგრესიას შესაბამისი პასუხი გაეცა, ნეთანიაჰუმ იცოდეს, რომ ირანს არ სურს ომი, მაგრამ მტკიცედ დგას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, არ შემოხვიდეთ კონფლიქტში ჩვენთან
ირანსა და რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნით, კანონიერი უფლების საფუძველზე, შესაბამისი პასუხი გაეცა სიონისტური რეჟიმის აგრესიას, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ირანს არ სურს ომი, მაგრამ მტკიცედ დგას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ.
„ეს ქმედება ირანის ინტერესებისა და მოქალაქეების დასაცავად განხორციელდა. ნეთანიაჰუმ იცოდეს, რომ ირანს არ სურს ომი, მაგრამ ის მტკიცედ დგას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ. ეს ჩვენი ძალის მხოლოდ ნაწილია. არ შემოხვიდეთ კონფლიქტში ირანთან“, – წერს ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი.
ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა დღეს განახორციელა. ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ისრაელის თავდაცვის ძალების პირველადი შეფასებით კი, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. ამასთან, როგორც ისრაელში განაცხადეს, ამ ეტაპზე ირანიდან დამატებითი სარაკეტო შეტევის საფრთხე არ არსებობს.