ირანის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ნიღბების ტარება სავალდებულო უნდა გახდეს
ირანის ჯანდაცვის მინისტრი ალირეზა რაისი აცხადებს, რომ ქვეყანაში ნიღბების ტარება სავალდებულო უნდა გახდეს. შესაბამისი განცხადება ირანის ჯანდაცვის მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა.
„აუცილებელია, რომ ნიღბის ტარება სავალდებულო გახდეს. თუ ჩვენ პირბადეს გამოვიყენებთ, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში, საგრძნობლად შევამცირებთ ვირუსის გავრცელებას“, – განაცხადა ალირეზა რაისიმ.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ირანში „კოვიდ-19“-ით 133 ადამიანი დაიღუპა, რაც 6 აპრილის შემდეგ დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევების ყველაზე მაღალი რაოდენობაა.
საერთო ჯამში ირანში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით 212 501 ადამიანი დაინფიცირდა, დაღუპულია 9 996 პირი.