ირანის ისლამური რესპუბლიკის „რევოლუციურ გუშაგთა კორპუსმა“ უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღო
ირანის ისლამური რესპუბლიკის „რევოლუციური გუშაგთა კორპუსი“ უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იღებს.
ამის შესახებ „რევოლუციური გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო-კოსმოსური ძალების მეთაურმა, ამირ ალი ხაჯიზადემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ირანის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ სამგზავრო თვითმფრინავი ფრთოსან რაკეტად მიიღო.
როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის „რევოლუციური გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო-კოსმოსური ძალების მეთაურმა განაცხადა, კატასტროფასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სრულად იღებენ და მზად არიან, ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაემორჩილონ.
„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
დღეს ირანმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს.