ირანის ხელისუფლება - მეცნიერ მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობისთვის ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს
ირანელი მეცნიერი მოჰსენ ფახრიზადე სატელიტური მართვის ტყვიამფრქვევით მოკლეს, რისთვისაც ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს – ამის შესახებ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა. ალი ფადავის თქმით, ქვეყნის დედაქალაქისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე ბირთვული პროგრამის მთავარ სპეციალისტს თან ახლდა 11 მცველი, როდესაც ტყვიამფრქვევის სისტემამ მისი სახე ამოიცნო და 13 გასროლა განახორციელა. ტყვიამფრქვევი იყო დაყენებული „ნისანის“ პიკაპზე და ფოკუსირებული იყო მხოლოდ მოჰსენ ფახრიზადეს სახეზე ისე, რომ მისი მეუღლე, მიუხედავად იმისა, რომ გვერდით იჯდა, არ დაშავებულა.
„მას ინტერნეტით აკონტროლებდნენ სატელიტის საშუალებით და იყენებდნენ თანამედროვე კამერას და ხელოვნურ ინტელექტს“, – თქვა ალი ფადავიმ.
ირანის ხელისუფლებამ მკვლელობაში ბრალი დასდო ისრაელს და დევნილ ოპოზიციურ ჯგუფ „ირანის სახალხო მოჯაჰედებს“. ირანული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი იარაღები ისრაელშია დამზადებული.