ირან-ერაყის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას ირანის ტერიტორიაზე სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
ირან-ერაყის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ქასრე-შირინის გუბერნატორმა განაცხადა.
მისი თქმით, დაშავებულთა რიცხვი ბევრად მეტია.
კატასტროფებზე რეაგირების ირანის ეროვნული სამსახურის ცნობით, „ქასრე-შირინში დაშავებული ადამიანების ნაწილი, შესაძლოა, ნანგრევებში იყოს ჩამარხული“.
ერთ-ერთი ირანული სააგენტოს ცნობით, რყევების შედეგად, ზიანი მიადგა სულ მცირე 14 პროვინციას. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, თუ როგორ ტოვებენ საკუთარ სახლებს ადამიანები. მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია ქალაქ ქასრე-შირინსა და ქირმანშაჰში.
ირან-ერაყის საზღვართან 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ამერიკის გეოლოგიური კვლევის ცენტრმა (USGS) რყევების ეპიცენტრი ერაყულ ქალაქ ჰალაბჯადან 32 კილომეტრში დააფიქსირა და მიწისძვრას ნარინჯისფერი კოდი მიანიჭა.
ირანი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს და ყოველდღიური რყევები უცხო არ არის. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 2003 წელს ისტორიულ ქალაქ ბამს დაატყდა თავს, რასაც 26 000 ადამიანი ემსხვერპლა.