ირან-ერაყის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას ირანის ტერიტორიაზე სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
ირან-ერაყის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას ირანის ტერიტორიაზე სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ირან-ერაყის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ქასრე-შირინის გუბერნატორმა განაცხადა.

მისი თქმით, დაშავებულთა რიცხვი ბევრად მეტია.

კატასტროფებზე რეაგირების ირანის ეროვნული სამსახურის ცნობით, „ქასრე-შირინში დაშავებული ადამიანების ნაწილი, შესაძლოა, ნანგრევებში იყოს ჩამარხული“.

ერთ-ერთი ირანული სააგენტოს ცნობით, რყევების შედეგად, ზიანი მიადგა სულ მცირე 14 პროვინციას. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, თუ როგორ ტოვებენ საკუთარ სახლებს ადამიანები. მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია ქალაქ ქასრე-შირინსა და ქირმანშაჰში.

ირან-ერაყის საზღვართან 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ამერიკის გეოლოგიური კვლევის ცენტრმა (USGS) რყევების ეპიცენტრი ერაყულ ქალაქ ჰალაბჯადან 32 კილომეტრში დააფიქსირა და მიწისძვრას ნარინჯისფერი კოდი მიანიჭა.

​ირანი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს და ყოველდღიური რყევები უცხო არ არის. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 2003 წელს ისტორიულ ქალაქ ბამს დაატყდა თავს, რასაც 26 000 ადამიანი ემსხვერპლა.