ირაკლი ზარქუა - თვალს ვადევნებ, როგორ ცდილობენ ჩემი განცხადების არასწორ ინტერპრეტირებას, ვთქვი, რომ პროკურატურა მაქსიმუმს აკეთებდა, რათა მელიას მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება არ ყოფილიყო გამოყენებული
ირაკლი ზარქუა - თვალს ვადევნებ, როგორ ცდილობენ ჩემი განცხადების არასწორ ინტერპრეტირებას, ვთქვი, რომ პროკურატურა მაქსიმუმს აკეთებდა, რათა მელიას მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება არ ყოფილიყო გამოყენებული

თვალს ვადევნებ, როგორ ცდილობენ ჩემი განცხადების არასწორ ინტერპრეტირებას, ვთქვი, რომ პროკურატურა მაქსიმუმს აკეთებდა, რათა მელიას მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება არ ყოფილიყო გამოყენებული, ახლა მას შეუძლია, გადაიხადოს გირაო და გარეთ გამოვიდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„ვზივარ სხდომაზე და თვალს ვადევნებ, სოციალურ ქსელში როგორ არასწორ ინტერპრეტირებას ცდილობენ ჩემ მიერ გაკეთებული განცხადების.

უკვე განვმარტე ჟურნალისტებთან და აქაც ავხსნი რა ვთქვი, არადა ვთქვი შემდეგი: პროკურატურა მაქსიმუმს აკეთებდა იმისთვის, რომ მელიას მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება არ ყოფილიყო გამოყენებული. აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო, გირაოზე კიდევ გირაო შეუფარდა და მხოლოდ მას შემდეგ მოითხოვა უფრო მკაცრი ღონისძიების შეფარდება, როცა ამ გირაოს გადახდაზეც უარი თქვა ნიკა მელიამ. ახლაც, მას შეუძლია, გადაიხადოს გირაო და გარეთ გამოვიდეს.

ეს ცალსახად ნიშნავს, რომ პროკურატურის ინტერესი არასდროს ყოფილა მელიას ციხეში ჯდომა. პირიქით, ეს მხოლოდ მისი პოლიტიკური ინტერესი და არჩევანია!

ეს იყო არგუმენტი და ჩემი ლოგიკა, სხვა არაფერი, რა ინტერპრეტაციაც არ უნდა გაუკეთონ ჩემს სიტყვებს, მოყვანილ ფაქტებს ვერ გაექცევიან!“, – წერს ირაკლი ზარქუა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ დღეს განაცხადა: „პროკურატურა იმით არის დაკავებული, რა მოიგონოს კიდევ, რომ ეს ადამიანი გარეთ გამოუშვას. გირაოს გირაო შეუფარდა, არ არსებობს ეს პრეცედენტი. იურისტები იქაც ჰყავთ. მოვიგონეთ, მოიგონა რაღაცა პროკურატურამ, რისთვის?! რადგან ჩიხში არ შევიდეს კიდევ ოპოზიცია. ეს არის ჩვენი არჩევანი, მიდგომა და ჩვენი, მმართველი პარტიის ხელწერა – კონსტრუქციულობა და დიალოგის რეჟიმი“.