ირაკლი ზარქუა - პროკურატურა იმით არის დაკავებული, როგორმე ნიკა მელია გარეთ გამოუშვას, ეს არის ჩვენი ხელწერა, კონსტრუქციულობა და დიალოგის რეჟიმი
ირაკლი ზარქუა - პროკურატურა იმით არის დაკავებული, როგორმე ნიკა მელია გარეთ გამოუშვას, ეს არის ჩვენი ხელწერა, კონსტრუქციულობა და დიალოგის რეჟიმი

შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი ნიშნავს, რომ საქართველო იყო, არის და მომავალშიც იქნება ევროპისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დღის წესრიგში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლა არის ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომ პანდემიის მიუხედავად ჩამოვიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და არ გადადო შეხვედრა.

„რაც შეეხება იმ 6-პუნქტიან გეგმას, 4+2 სისტემით, სულ რამდენიმე საათიც ვერ მოითმინეს ჩვენმა ე.წ. ოპოზიციონერებმა და უკვე დაარღვიეს. მოწოდება იყო დიალოგისკენ, რასაც ჩვენ, მმართველი პარტია ისედაც ვასრულებდით. ოთხი რაუნდი ჩავატარეთ, მემორანდუმები გავაფორმეთ. ითქვა, რომ საარჩევნო სისტემა დავხვეწოთ. 2012 წლიდან მოყოლებული, ყოველი არჩევნები იყო გაუმჯობესებული ვარიანტი. არ არსებობს იდეალური.

დარწმუნებული ვარ, რასაც ჩვენ დიალოგის რეჟიმში მივაღწიეთ კონსტრუქციულ ოპოზიციურ წევრებთან, რაც მემორანდუმის სახით გავაფორმეთ და დღეს უკვე ინიცირება მოხდა, შევიდეს საარჩევნო კოდექსში ყველა ეს ცვლილება, რომელიც კიდევ უფრო მეტად ღიას და გამჭვირვალეს გახდის, ეს მიუთითებს მმართველი პარტიის მხრიდან კონსტრუქციულობაზე, დიალოგის აუცილებლობასა და გადადგმულ ნაბიჯებზე. ამას ხედავს ევროპა, აშშ და ყველა კეთილმოსურნე“, – განაცხადა ზარქუამ.

მისივე განცხადებით, გამორიცხულია, რომ რევოლუციური სცენარი განხორციელდეს.

„რაც შეეხება იმ აზვირთებულ ტალღებს, რაც ხდება ახლა, უფრო სწორედ აზვირთებულ ტალღებსაც ვერ დავარქმევ, რადგან ჩვენ ვნახეთ, რამდენიმე დღის წინ რუსთაველზე რა ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირა ემზადებოდნენ. მაგრამ ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, სულ რომ 100 კაცი გამოხატავდეს პრეტენზიას, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, სადაც შესაძლებელია. ერთი უნდა გვახსოვდეს –  ყველა ვალდებულია, კანონი დაიცვას, არ აქვს მნიშვნელობა, შენ რა სტატუსი გაქვს, პოლიტიკური ლიდერი, დეპუტატი, თუ ექსპრეზიდენტი ხარ, ვნახეთ, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღეს მმართველი პარტია არის სოციალისტური პარტია, ხოლო სარკოზი ეკუთვნის სულ სხვა, ცენტრისტულ მემარჯვენე კავშირს. ადგილობრივ ოპოზიციას არ უთქვამს, რომ ეს პოლიტიკური დევნა იყო, რადგან იციან, რომ ევროპა, ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ არ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუციების წინ გაილაშქრო და დარჩეს ეს პასუხგაუცემელი, გამორიცხულია, ვერ შევდგებით როგორც სახელმწიფო. არავის გაგვხარებია აქ, ჩემს კოლეგებს, რომ მივეცით ხმა. ჩვენ იმუნიტეტი მოვხსენით და პროკურატურა იმით არის დაკავებული, რა მოიგონოს კიდევ, რომ ეს ადამიანი გარეთ გამოუშვას. გირაოს გირაო შეუფარდა, არ არსებობს ეს პრეცედენტი. იურისტები იქაც ჰყავთ. მოვიგონეთ, მოიგონა რაღაცა პროკურატურამ, რისთვის?! რადგან ჩიხში არ შევიდეს კიდევ ოპოზიცია. ეს არის ჩვენი არჩევანი, მიდგომა და ჩვენი, მმართველი პარტიის ხელწერა – კონსტრუქციულობა და დიალოგის რეჟიმი. გამორიცხულია, რევოლუციური სცენარი არ განხორციელდება, არც აქვთ მხარდაჭერა და მით უმეტეს, საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.