ირაკლი ზარქუა - ტრამპმა ის ღირებულებები გაახმოვანა, რაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო მესიჯები იყო, არ დამარეკინოთ ტრამპთან, ჟიგმანტუსებმა და როთებმა თქვენს ქვეყანას მიხედეთ
ირაკლი ზარქუა - ტრამპმა ის ღირებულებები გაახმოვანა, რაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო მესიჯები იყო, არ დამარეკინოთ ტრამპთან, ჟიგმანტუსებმა და როთებმა თქვენს ქვეყანას მიხედეთ

ხუთი ადამიანი არ უჭერს მხარს, ოჯახის წევრები არ აძლევენ ხმას და პარტნიორებს ვისი სახელით მიმართავენ? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუამ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირების ერთობლივ მიმართვაზე, რომლითაც ისინი აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის ლიდერებს მოუწოდებენ, „მიიღონ ყველა შესაძლო ზომა საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის ნების გამოხატვის დასაცავად“.

„ბაქრაძე ცოცხალია? უგულავა და უსუფაშვილი რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ, არჩევნების ლეგიტიმაცია არ ცნოთო, ეს ჩვენი დაფინანსებულია, რადგან ეს უსამშობლოები ამას რომ ითხოვენ, წარმოიდგინეთ, იქიდან რა განწყობა ექნებათ. მათ ხუთი ადამიანი არ უჭერს მხარს, ოჯახის წევრები არ აძლევენ ხმას და პარტნიორებს ვისი სახელით მიმართავენ? მივმართავ ახალგაზრდებს, მეგობრებო, ამ უსამშობლოებს თავს ნუ გამოაყენებინებთ, რადგან პარლამენტში შემოვლენ, ზოგი – რამდენიმე თვეში, ზოგი – ცოტა გვიან. გადაწყვეტილებას საერთაშორისო თანამეგობრობას დააბრალებენ, რა ვქნათ, შესვლა მათ გვირჩიესო და ამით თავს „გაიპრავებენ“. მეგობრებო, თავს ნუ გამოაყენებინებთ. ისინი ისე მიგატოვებენ, როგორც მანამდე რამდენიმე ახალგაზრდა და თავად პარლამენტში პუფებად აღმოჩნდებიან. მათი ამოცანაა, ხალხი დაღალონ და პარლამენტში შემოსვლა გაილამაზონ. „ჰელსინკის კომისიამ“ თქვა, ლგბტ კანონის მიღება არასწორი არისო, ანუ, ქართველ ხალხს ეს უნდა მიგვეღო. ამათი მორალი ეს არის. ვინც მათ ეხმიანება, ყველა აგენტურაა საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ზარქუამ.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, „ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის ლგბტ პროპაგანდა და მეორე ფრონტი“.

„უგულავამ, – ომი გვინდა, უნდა ვიომოთო. უსუფამ, – ჩემს შვილებს ვერ ვაომებ, მაგრამ თუ საჭიროა, უნდა ვიომოთო. რა მორალის კაცია? ვისაც უნდათ, იმას მიმართონ. სხვათა შორის, ტრამპს გამარჯვებას ვულოცავ. მან ის ღირებულებები გაახმოვანა, რაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო მესიჯები იყო – ოჯახური ღირებულებები, ოჯახური სიწმინდე, ქალი და კაცი. ამ ფსევდოლიბერალებსა და ფაშისტებს ხაზი გადაესვათ. არ დამარეკინოთ ტრამპთან, ჟიგმანტუსებმა და როთებმა თქვენს ქვეყანას მიხედეთ, თქვენს სახელმწიფოებში მიბრძანდით. რომ დავრეკო, მათ ჰუმანურად დასჯის“, – განაცხადა ზარქუამ.