ირაკლი ზარქუა - პარლამენტში ხმაური არაფერში წერია, იმედია, ჩამოვლენ ამ ტრიბუნებიდან, მაგიდებიდან და განახლდება მუშაობა
ყველაზე ამაზრზენი, ამორალურია, როდესაც გარდაცვლილი ადამიანით ვაჭრობს ოპოზიცია, -„ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ამოცანაა, ქვეყანაში ქაოსი და დესტაბილიზაცია შექმნან.
„ვკითხულობთ, რამ გამოიწვია სიკვდილი, ამაზე შესაბამისი ექსპერტიზა მიმდინარეობს. დაველოდოთ და ყველას მოგვეცემა საშუალება შესაბამისი რეაგირების. რაც ახლა პარლამენტში მიმდინარეობს, დაკავებული აქვთ რაღაც და ობსტრუქციას უწყობენ, ხმაურია, ეს არაფერში არ წერია. ოპოზიციონერმა ერთ-ერთმა კოლეგამ მითხრა, რომ ეს უკრაინული სცენარიაო. შემდეგ რა შედეგით დასრულდა, ზელენსკი გადადგა-მეთქი? არა, მაგრამ ეს ჩვენი გამოხატვის უფლება არისო. რა თქმა უნდა, აქვთ გამოხატვის უფლება, იმედია, დაიღლებიან, ჩამოვლენ ამ ტრიბუნებიდან, მაგიდებიდან და განახლდება მუშაობა. ეს არის სახელმწიფო და ყველამ უნდა ვცეთ პატივი კანონებს. კიდევ ერთხელ ვიზიარებ ტრაგედიას, რაც მოხდა. ყველგან ხდება ეს, სამწუხაროდ, გამონაკლისი არაა ჩვენი ქვეყანა. პირდაპირ გეტყვით, ყველაზე ამაზრზენი, ამორალურია, როდესაც გარდაცვლილი ადამიანით ვაჭრობს ოპოზიცია. გუშინ მთელი დღე ჩუმად ვიყავით, ხმა არ ამოგვიღია, რადგან არის ემოციები და ობიექტურადაც. ყველაზე დიდი დარტყმა ვისაც მიაყენეს, არის ხელისუფლება და ჩვენი პარტია. ამიტომ, აქ ორი აზრი არ არსებობს. რა უნდა გაგვეკეთებინა, პირველში, სამში, ექვსში, დავიცავით, ხუთში რატომ ვერ მოხდა, რადგან ხუთში 11:00 საათზე დაიწყო. მიმდინარეობს გამოძიება. მათი ამოცანაა ქაოსი და დესტაბილიზაცია შექმნან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
რაც შეეხება „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, რომ მათი ამოცანაა, პარლამენტში დაიწყოს მთავრობისადმი უნდობლობის გამოხატვის პროცესი, საკითხზე საუბრისას ზარქუამ განაცხადა, რომ ოპოზიცია ემოციურ ფონზე საუბრობს, ისინი დამშვიდდებიან და კონსტრუქციულ მუშაობას დაუბრუნდებიან.
„უნდობლობაზე, უნდათ უნდობლობის საკითხი დააყენონ, მგონია, ცხელ გულზე არიან, გადაუვლით და დაუბრუნდებიან კონსტრუქციულ მუშაობას. სხვა ალტერნატივა არ აქვთ. ჩვენი მოსახლეობის არჩევანია, ვისაუბროთ როგორც სტაბილურობაზე და მშვიდობაზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რაც აწუხებთ და არა ის, რაღაც უკრაინულ სცენარს რომ ავითარებენ. ეს არაფერში არ წერია“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.