ირაკლი ზარქუა - ნინო ლომჯარია სააკაშვილთან დაკავშირებით ყოველდღიურად ატარებს ბრიფინგებს, ეს მიუთითებს, რომ დღის წესრიგი დაწესებული აქვს სააკაშვილით და ამთავრებს სააკაშვილით
ირაკლი ზარქუა - ნინო ლომჯარია სააკაშვილთან დაკავშირებით ყოველდღიურად ატარებს ბრიფინგებს, ეს მიუთითებს, რომ დღის წესრიგი დაწესებული აქვს სააკაშვილით და ამთავრებს სააკაშვილით

სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკვე ყოველდღიურად ატარებს ბრიფინგებს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მას დღის წესრიგი აქვს დაწესებული სააკაშვილით და ამთავრებს სააკაშვილით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ნინო ლომჯარია ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებლად.

„სახალხო დამცველის პოზიციაზე ჩემი შეხედულება მაქვს. სამწუხაროდ, ქალბატონი ლომჯარია ჩამოყალიბდა უფრო ამ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებლად და მათი უფლებებისა და რაღაც იდეების გამტარებლად. სამწუხაროდ, შეიძლება ვცდები, მაგრამ ფაქტების მიხედვით, ასეა. მას რომ შეესწავლა ამ წლების განმავლობაში, რა ხდებოდა, თუ როგორ იყო შელახული პატიმრების უფლებები ამ რეჟიმის დროს და პირიქით, რომ ეთქვა რომ აი, ის გამოძიებული არის თუ არა, არც დაინტერესებულა, მაგრამ ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებით უკვე ყოველდღიურად ატარებს ბრიფინგებს და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მას დღის წესრიგი აქვს დაწესებული სააკაშვილით და ამთავრებს სააკაშვილით, თუმცა ესეც მისი არჩევანია. უბრალოდ, ჩვენ ფაქტებს ვაანალიზებთ და ეს ფაქტები კიდევ ყველაფერ ამაზე მეტყველებს“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

სახალხო დამცველის აპარატმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს გარკვეული რისკი უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გამოიკვლიეს, რამდენად შეიძლება N18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის იმ სამედიცინო მომსახურების შეთავაზება, რაც ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის 23 ოქტომბრის დასკვნით არის განსაზღვრული.

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მიხეილ სააკაშვილისთვის.