ირაკლი ზარქუა - დარწმუნებული ვარ, გვარამია სტრასბურგში დასავლეთში არსებულ ლობისტურ ჯგუფებს ხვდება, კუბილიუსებს, ფოტიგებს, ქალბატონ რასას, ალბათ გვარამიასგან ახალ ოპოზიციურ ლიდერს ამზადებენ
დარწმუნებული ვარ, ნიკა გვარამია სტრასბურგში ხვდება დასავლეთში არსებულ ლობისტურ ჯგუფებს, კუბილიუსებს, ფოტიგებს, ქალბატონ რასას, ალბათ გვარამიასგან ახალ ოპოზიციურ ლიდერს ამზადებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ნიკა გვარამიას სტრასბურგში ყოფნას და ევროპარლამენტარებთან დაგეგმილ შეხვედრას ეხებოდა.
ირაკლი ზარქუას თქმით, სავარაუდოდ, მათი შეხვედრის მიზანი ეს არის.
„სტრასბურგში გვარამიას ვიზიტში მოულოდნელი არც არაფერი ყოფილა. დარწმუნებული ვარ, ხვდება დასავლეთში არსებულ ლობისტურ ჯგუფებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვინც ჰყავს. ესენი არიან კუბილიუსები, ფოტიგები, ქალბატონი რასა. ალბათ, ბატონი გვარამიასგან ახლა ახალ ოპოზიციურ ლიდერს ამზადებენ. სავარაუდოდ, მათი შეხვედრის მიზანი ეს არის. ისედაც ვიცოდით, რომ გვარამია ამ რადიკალურ ოპოზიციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ვინც ამ პროცესს მართავს. როგორც კი ის განერიდა და დანაშაულის ჩადენის შემდეგ ციხეში ჯდომა მოუწია, კი ნახეთ, როგორ ჩამოინგრა მთელი ოპოზიციური სპექტრი. სავარაუდოდ, ახალი ემოციებით, ახალი პროგრამებით, მისიებით, ახალი ამოცანებითა და მიზნებით იქნება გვარამია დატვირთული. არადა, ქალბატონ პრეზიდენტს რომ ჰკითხოთ, რა მიზნითაც შეიწყალა, ეს ნაბიჯი უნდა ყოფილიყო საზოგადოების გამაერთიანებელი და რადიკალიზაციის შემამცირებელი. მგონია, პირიქით, საპირისპირო შედეგს მივიღებთ. ამაშიც ჩანს, როგორი აცდენილია ქალბატონი სალომე რეალურ ხედვებს და მოცემულობებს“, – განაცხადა ზარქუამ.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რადიკალურმა ოპოზიციამ შვიდი, ათი გვარამია რომ დაიყენოს, ქართველი ხალხის ნებას ვერავინ გადავა.
„ქართველი ხალხის ნება ის არის, რომ აქ იყოს სიმშვიდე და არა ქაოსი, ეკონომიკური კეთილდღეობა, ევროინტეგრაცია და უარი მეორე ფრონტს. დანარჩენი, ვინც ამ გზას გადაუხვევს, ყველა იქნება საზოგადოების მხრიდან დასჯილი და პოლიტიკურ სანაგვეზე მოსროლილი, როგორც ხედავთ ახლა ე.წ. პოლიტიკურ ლიდერებს ოპოზიციაში“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.