ირაკლი ზარქუა - ბატონო ზელენსკი, შეურაცხმყოფელი უფრო ის არის, რომ თქვენი ერთ-ერთი ჩინოვნიკი პატივს არ სცემს არც უკრაინის და არც საქართველოს საზღვრებს, არაჟნებთან ერთად შემოიპარა რევოლუციის მოსაწყობად
ბატონო ზელენსკი, შეურაცხმყოფელი ალბათ უფრო ის არის, რომ თქვენი ერთ-ერთი ჩინოვნიკი პატივს არ სცემს არც უკრაინის საზღვრებს, რომლის მოქალაქეც არის და არც საქართველოს საზღვრებს, არაჟნებთან ერთად შემოიპარა და აქ რევოლუციას გვიწყობდა. ალბათ ეს უფრო არის სამარცხვინო და მიუღებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
ზარქუას თქმით, საქართველოს სახელმწიფო კანონებით იმართება და სააკაშვილის საკითხზე სასამართლო იმსჯელებს.
„სააკაშვილს მისჯილი აქვს იმ კონკრეტულ ბრალდებებზე, რომლებიც საერთაშორისო სასამართლომაც აღიარა. დანარჩენს, რა და როგორ იქნება, სასამართლო და შესაბამისი სისტემა განსაზღვრავს. ჩვენ ასე გვაქვს მოწყობილი – ყველა შტოს თავისი ფუნქცია-მოვალეობა აქვს. ეს პოლიტიკური ვაჭრობის დღის წესრიგი არ არის.
ნათელი ხდება, რომ პატიმარ სააკაშვილის რეალური ჯანმრთელობის მდგომარეობა არავის ადარდებს. დაქირავებული აქვთ პიარკომპანიები, რომელთა მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ევროპის სხვადასხვა ენაზე, ერთი და იმავე სათაურით, ერთი და იმავე ტექსტით ხდება ამის აფიშირება, მათ შორის ბატონი ზელენსკიც შეუწუხებიათ, რომელიც საერთო ოკუპანტს – რუსეთის აგრესიას ებრძვის და აგერ, კაცმა მოიცალა და ასეთი განცხადება გააკეთა. მსოფლიოში არაერთი მაგალითი გვაქვს, როცა, თუ დააშავე, სასჯელი მშვიდად უნდა მოიხადო, სტატუსისა და თანამდებობის მიუხედავად. გაშიფრულია, რა იყო საააკაშვილის კონტეინერებით საქართველოში შემოპარვის მისია.
ხომ გაიშიფრა, რისთვისაც გამოაგზავნეს ეს კაცი საქართველოში კონტეინერებით. უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან ითქვა, სააკაშვილი საქართველოში რომ იყოს, საქართველო ომში იქნებოდა ჩართული, მაგრამ დღეს ხელისუფლება სხვაა და ომში ჩართვა ვერ ხერხდებაო. ეს ხალხი მეტად როგორ უნდა გავშიფროთ? საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებაა, რომ ქვეყანა ომში არ უნდა ჩაერთოს. ჩვენ, მმართველი პარტია, ამას ვასრულებთ, საქართველო ომში არ ჩაერთვება, ამ ქვეყანას მეორე ფრონტი არ სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.