ირაკლი ზარქუა - აშშ კიდევ ზრდის სამხედრო მიმართულებით დახმარებას, ეს ნამდვილად არის პარტნიორობა და გვერდში დგომა, ამისთვის მადლიერი ვართ
ირაკლი ზარქუა - აშშ კიდევ ზრდის სამხედრო მიმართულებით დახმარებას, ეს ნამდვილად არის პარტნიორობა და გვერდში დგომა, ამისთვის მადლიერი ვართ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა აშშ-ში და მინდა, მადლობა გადავუხადო მის ამერიკელ კოლეგას, ამერიკას, რომელიც კიდევ ზრდის სამხედრო მიმართულებით დახმარებას და საქართველოს გვერდში უდგას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზარქუას თქმით, თითოეული გაღებული ცენტი, სიტყვა ან გვერდში დგომა საქართველოსთვის პირდაპირ აისახება, რომ ჩვენი ქვეყანა არის ევროპული ინტეგრაციის, ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი და ჩვენი პარტნიორები, როგორც აქამდე, გვერდში დაგვიდგებიან.

„ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს რაც შეეხება, რაც არ უნდა თქვას ვინმემ, ჩვენ გვაქვს ფაქტი. ჩვენი თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა აშშ-ში, მინდა, მადლობა გადავუხადო მის ამერიკელ კოლეგას და ამერიკას, რომელიც კიდევ ზრდის სამხედრო მიმართულებით დახმარებას და საქართველოს გვერდში უდგას. ეს ნამდვილად არის პარტნიორობა და გვერდში დგომა. ჩვენ ამისთვის მადლიერი ვართ. თითოეული გაღებული ცენტი, ან სიტყვა, ან გვერდში დგომა ჩვენი ქვეყნისთვის პირდაპირ აისახება, რომ, დიახ, საქართველო არის ევროპული ინტეგრაციის, ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი და ჩვენი პარტნიორები, როგორც აქამდე, გვერდში დაგვიდგებიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პენტაგონში საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს უმასპინძლა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

როგორც ლოიდ ოსტინმა განაცხადა, საქართველო შეძლებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს. მისივე თქმით, საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა თავისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.