ლოიდ ოსტინი - საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა თავისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ
ლოიდ ოსტინი - საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა თავისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ

საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა თავისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ამ დროის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში, – ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

ლოიდ ოსტინმა პენტაგონში საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს უმასპინძლა.

როგორც ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, საქართველოს შეეძლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს. აშშ-ს თავდაცვის მდივნის თქმით, „ეს ასახავს იმ ღირებულებებს, რასაც ჩვენ ორმხრივ ურთიერთობასა და პარტნიორობას ვანიჭებთ“.

„საქართველო იყო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე ჯარისკაცების რაოდენობით ავღანეთში, ნატო-ს მისიაში. ღრმად ვაფასებთ საქართველოს უდიდეს გავლენას სამხრეთ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით. ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში კვლავ გაღრმავდება.

საქართველოს მონაწილეობა საკონტაქტო ჯგუფში გვეხმარება, გავაძლიეროთ უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი და გააძლიეროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავს. და ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა აგრძელებს ბრძოლას და გაბედულად იბრძვის რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ“,- განაცხადა ოსტინმა.