ირაკლი შოთაძე - პროკურატურის გამჭვირვალობის გაძლიერების პარალელურად, სამწუხაროდ, მრავლად არის დეზინფორმაციის შემთხვევები, რომლებიც ხშირად ორგანიზებულ ხასიათს ატარებს
ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა, მათ შორის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებაში. სისტემის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი ფაქტორია პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გასამყარებლად, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ირაკლი შოთაძემ პროკურატურის გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.
„განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო პროკურატურის გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებით 2021 წელს გადადგმული ნაბიჯები, რაც გამოიხატა ჩვენ მიერ პროაქტიულად გავრცელებული ინფორმაციების, განცხადებების, თუ ჩატარებული ბრიფინგების უპრეცენდენტოდ დიდ რაოდენობაში. ამის პარალელურად, სამწუხაროდ, მრავლად არის დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევები, რომელიც ხშირად ორგანიზებულ ხასიათს ატარებს. აღნიშნული მიზნად ისახავს პროკურატურის და ზოგადად მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაციას, ამავდროულად, ჩვენი, პროკურორების დემოტივაციას და ჩვენს საქმიანობაზე ხელშეშლის მიზნით, გავლენის მოხდენის მცდელობას. თუმცა, ყველას გასაგონად ვიტყვი, რომ ამ მცდელობებს არანაირი შედეგი არ ექნება. ჩვენ ჩვენს საქმეს უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი საქმიანობა მაქსიმალურად ეფექტიანად აღვასრულოთ და საზოგადოებას სრული და ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ“, – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.
ირაკლი შოთაძის განცხადებით, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი გამოწვევა და ამ მიმართულებით უწყება აპირებს აქტიურად მუშაობას, რათა ცრუ, არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ საზოგადოებაში პროკურატურის მიმართ ნდობის ხარისხზე გავლენა არ მოახდინოს.