ირაკლი შოთაძე - პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს
ირაკლი შოთაძე - პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს

საზოგადოებაში არსებობს კითხვები თბილისში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების მიმართ და ასევე კითხვები აქვთ დაზარალებულების უფლებამონაცვლეს, ეს კითხვები ჩემთვის ლეგიტიმურია, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავარი პროკურორის თქმით, მისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ კითხვები არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

„ჩემთვის პირადად არის უმნიშვნელოვანესი, რომ ეს კითხვები არ დარჩეს პასუხგაუცემელი, არავის დარჩეს შეგრძნება, რომ ამ საქმეში რაღაც არ გაკეთდა.

ჩვენ ვაპირებთ, ბოლო დღეებში, როდესაც ამ საქმის მიმართ დაფიქსირდა უარყოფითი დამოკიდებულება, იმ დღიდან ვცდილობდი, შევხვედროდი ზაზა სარალიძეს და მასთან მქონოდა საუბარი სისხლის სამართლის საქმეზე, იმ ქმედებებზე, იმ საპროცესო მოქმედებებზე, რაც პროკურატურამ ამ საქმეზე გააკეთა. ასევე,  მინდოდა, გულწრფელად მესაუბრა და მისთვის შემეთავაზებინა და მეთქვა ის ქმედებები, ის ღონისძიებები, რის გაჟღერებასაც ვაპირებთ“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მისი თქმით, ამაზე პროკურატურამ საჯაროდ აქამდე იმიტომ არ ისაუბრა, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი.

„ამაზე საჯაროდ იმიტომ არ ვისაუბრეთ, რომ სასამართლო განხილვები ბოლოში იყო გასული და რამდენიმე დღე იყო დარჩენილი გადაწყვეტილების გამოტანამდე. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ეს რომ არ აღქმულიყო სასამართლოზე ზემოქმედების მცდელობად, ამაზე საჯაროდ აქამდე არ გვისაუბრია“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ამასთან, როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე განაჩენს პროკურატურა არ ეთანხმება და გაუგებარია რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ირაკლი შოთაძის თქმით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისთვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

სასამართლოს განაჩენით გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

ამასთან, ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.