ირაკლი შოთაძე - „ქართული მარშის“ წევრებისთვის ბრალის კვალიფიკაცია მტკიცებულებების შეფასების გათვალისწინებით განისაზღვრება
მტკიცებულებები შეფასდება და ამის გათვალისწინებით მოხდება „ქართული მარშის“ დაკავებული წევრებისთვის ბრალის კვალიფიკაციის განსაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.
ირაკლი შოთაძის თქმით, „ქართული მარშის“ წევრებს ბრალს დღეს წარუდგენენ, რის შემდეგაც პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს მიმართავს. მისივე განცხადებით, ეს იქნება პირველადი ბრალი და გამოძიება გაგრძელდება.
„ამ ეტაპისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულია ექვსი პირი. ბრალდების წარდგენა მოხდება დღეს, რის შემდეგაც პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიებაზე. კონკრეტული პირები უკვე დაკავებულები არიან. ამ წუთებში მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მოხდება საქმეში მოგროვილი მტკიცებულებების შეფასება და ამის გათვალისწინებით მოხდება ბრალის კვალიფიკაციის განსაზღვრა. ეს იქნება, რა თქმა უნდა, პირველადი ბრალი. გამოძიება გაგრძელდება და ის ქმედებები, რაც გამოიკვეთება, შესაძლო დანაშაულის ნიშნები თითოეული მათგანის მხრიდან, რა თქმა უნდა, ასახული იქნება ჩვენი ბრალდების დადგენილებაში“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
რაც შეეხება „ქართული მარშის“ მიერ დაანონსებული კიდევ ერთი აქციის შესახებ დასმულ კითხვას, ირაკლი შოთაძის თქმით, სამართალდამცველი უწყებები მიიღებენ ადეკვატურ ზომებს, რათა მოხდეს ყველა შესაძლო დანაშაულის პრევენცია და მოქალაქეების უსაფრთხოება იქნას დაცული.
„ამ შემთხვევაში საქართველოს სამართალდამცველი უწყებები მიიღებენ ადეკვატურ ზომებს, რათა მოხდეს ყველა შესაძლო დანაშაულის პრევენცია. ყველა უწყება გაატარებს შესაბამის ზომებს, რათა მოქალაქეების უფლებები დ უსაფრთხოება იქნას დაცული“, – აღნიშნა შოთაძემ.
„რუსთავი 2“-ის შენობასთან „ქართული მარშის“ წევრებმა აქცია 19 მარტს გამართეს. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გზა გადაუკეტეს და აცხადებდნენ, რომ ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, მან ბოდიში უნდა მოიხადოს.
შსს-მ ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ მომხდარი ინციდენტის გამო ხუთი პირი სისხლის სამართლის წესით დააკავა.