ირაკლი შოთაძე - მოლოდინი მქონდა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უფრო მეტ კითხვას დამისვამდნენ
ირაკლი შოთაძე - მოლოდინი მქონდა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უფრო მეტ კითხვას დამისვამდნენ

ყველა კითხვას პასუხი გავეცი, თუმცა უფრო მეტი მოლოდინი მქონდა და მეგონა, მეტ კითხვას დამისვამდნენ, – ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება საქმის შინაარსსა და სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებას, როგორც შოთაძემ აღნიშნა, სპეკულაციები არსებობდა, თითქოს, ხორავას ქუჩაზე ფარდული პოლიციელებმა განზრახ დაანგრიეს.

მისი თქმით, დღეს უკვე დადგინდა, რომ ეს ფარდული პოლიციელებს არ დაუნგრევიათ, არამედ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თავად დაანგრიეს.

შეკითხვაზე, უნდა ყოფილიყო თუ არა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ადგილზე არსებული ფარდული დაცული, შოთაძემ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით შემთხვევის ადგილი უნდა იყოს დაცული, ვიდრე ამ შემთხვევის ადგილის დათვალიერება არ მოხდება.

„შემთხვევის ადგილი დათვალიერდა, დაფიქსირდა და პროცესუალურად მოხდა დამაგრება ყველა იქ არსებული მტკიცებულების და შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ფარდულის დაცვის არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა“, – განაცხადა შოთაძემ.

ამასთან, როგორც ყოფილი მთავარი პროკურორი ამბობს, საქმის ერთ-ერთი მტკიცებულება დანა გაღუნული არ არის, არამედ მცირედ დეფორმირებულია. როგორც შოთაძემ აღნიშნა, კვლავ არსებობს შესაძლებლობა, აღნიშნული დანა შემდგომი ექსპერტიზებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტებისთვის გამოიყენონ.