ირაკლი შოთაძე კომიტეტის სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე - ძალიან მწარედ ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენენ.
სიტყვის დასაწყისში ირაკლი შოთაძე სხდომაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და მას სამწუხარო ფაქტი უწოდა.
შოთაძის თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატებს ჰქონდათ საშუალება, მოესმინათ მისი ხედვები, მოსაზრებები პროკურატურის განვითარების შესახებ და შემდეგ გამოეხატათ თავიანთი კრიტიკული პოზიცია.
„ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, ძალიან სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ ყველაფრის მომწყობებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვები დაესვათ, მოესმინათ ხედვები, მოსაზრებები პროკურატურის განვითარების შესახებ და შემდეგ გამოეხატათ თავიანთი კრიტიკული პოზიცია, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი, ძალიან მწარედ ცდებიან, უპირველეს ყოვლისა, თვითონ მსგავსი ქმედებების ჩამდენი ადამიანები რჩებიან შეურაცხყოფილი, ეს არის ძალიან ადამიანური რეალობა. შესაბამისად, მხოლოდ აღზრდა ადამიანს რა უშველის, თუ ბუნებამაც არ უშველაო, სწორედ ეს არის ჩემი პოზიცია ამ ყველაფერთან, რაც მოხდა“,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძეს ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდეს. თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია სხდომათა დარბაზში ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ.
ოპოზიციონერი დეპუტატები გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ.
კომიტეტის სხდომა ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.