ირაკლი შოთაძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობასთან დაკავშირებით ყველაფერი კეთდება, რომ ყველა დამნაშავე წარდგეს კანონის წინაშე
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობასთან დაკავშირებით ყველაფერი კეთდება, რომ ყველა დამნაშავე წარდგეს კანონის წინაშე და აღსრულდეს მართლმსაჯულება.
მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ამ საქმის დაზარალებულებთან კომუნიკაცია. ირაკლი შოთაძემ ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამის შესახებაც ისაუბრა.
„საქართველის პროკურატურა აკეთებს ყველაფერს ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რათა ყველა დამნაშავე წარდგეს კანონის წინაშე და აღსრულდეს მართლმსაჯულება.
გუშინ პროკურორებმა საბრალდებო სიტყვა თქვეს, დღეს ადვოკატები პოზიციას აფიქსირებენ და ფაქტობრივად, ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ამ განაჩენის შემდეგ, საზოგადოებასთან დეტალურად ვისაუბრებთ, ჩვენს გეგმებს და მოსაზრებებს მოგაწვდით. ჩვენ არაერთი კომუნიკაცია გვქონდა საზოგადოებასთან. მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდეთ, რისი უფლებაც გვაქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე.
მნიშვნელოვანია ამ საქმის დაზარალებულებთან კომუნიკაცია. მნიშვნელოვანია ის კითხვები, რაც აქვს დაზარალებულებს ჩვენ მიმართ, ამიტომ შევთავაზეთ სამუშაო ჯგუფებში შეხვედრა და მე ჩავერთვები ამ ჯგუფებში, შევეცდები, ყველა კითხვას გავცე პასუხი“, – აცხადებს ირაკლი შოთაძე.
მისივე თქმით, ეს ფორმატი არის მნიშვნელოვანი, რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება.
„ჩვენ და დაზარალებულები ერთ მხარეს ვართ. ჩემი წინადადება იყო, შევხვედროდი ზაზა სარალიძეს. ეს დღესაც დღის წესრიგშია. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია შეხვედრამდე, შევთანხმდით, მოსულიყო მის ადვოკატთან ერთად, საშვი ორივეზე იყო დაშვებული. აქ უნდა ყოფილიყო საუბარი კონკრეტულ გვარებზე, სახელებზე, არასრულწლოვნებზე. შესაბამისად, ვერცერთი გარეშე პირი, რომელიც ამ საქმეზე არ არის ადვოკატი ან ბრალდებული, ვერ ჩაერთვება ამ პროცესში. ეს არის სამართლებრივი პროცესი და ვერ გაცდება ამას. სარალიძე მოვიდა გარკვეულ პიროვნებებთან ერთად, რომლებიც არ არიან ადვოკატები. შესაბამისად, განემარტა, რომ გარეშე პირი ვერ ჩაერთვებოდა. მე, პირადად ველოდებოდი ბატონ ზაზას“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მთავარმა პროკურორმა ისაუბრა სასამართლოში მიმდინარე საქმეზეც.
„ბრალდებულებმა გამოძიებას მისცეს ჩვენება ექვსი თვის მერე. მათ აქვთ დუმილის უფლება, მაგრამ მათ თუ უნდოდათ გამოძიებასთან თანამშრომლობა, მათ ამის შესაძლებლობა დიდი ხნით ადრეც ქონდათ. მათ მოუსმინეს ყველა მტკიცებულებას ყველა მოწმეს სასამართლოში, მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს სასამართლოს ეს ჩვენება. ჩვენ შევაფასებთ ბრალდებულების ჩვენებას მოვისმენთ დაცვის მხარის აზრს ამ ჩვენებებთან დაკავშირებით და ვნახავთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში სასამართლო როგორ შეაფასებს ჩვენებებს. სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ გადავდგამთ კონკრეტულ სამართლებრივ ნაბიჯებს. ამიტომ მაქვს სურვილი, შევხვდე ორივე დაზარალებულ ოჯახს, რათა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია ჩვენი გეგმების შესახებ“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.