ირაკლი შოთაძე - იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსმენაზე დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გავეცი
ჩემი კანდიდატურის წარდგენის თაობაზე არავისთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსმენის შემდეგ განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იყო. ჩემი ხედვა წარვადგინე. ვისაც სურვილი ჰქონდა, კითხვები დასვეს, რასაც ამომწურავი პასუხი გავეცი“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
მისივე თქმით, 2018 წელს მთავარი პროკურორობის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღო, ხოლო ახლა გენერალურ პროკურორად კანდიდატურის წარდგენის შესახებ კონსულტაცია არავისთან ჰქონია.
„თითოეულ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებ, ზრდასრული ადამიანი ვარ და ყველა გადაწყვეტილებას, რასაც ვიღებ, ვიღებ პირადად. რაც შეეხება ჩემს გადადგომასთან დაკავშირებით უმრავლესობის დამოკიდებულებას, ჩემთვის ეს მხოლოდ მათი მაშინდელი საჯარო განცხადებებიდან არის ცნობილი. რაც შეეხება იმას, როგორ მივიღე გადადგომის გადაწყვეტილება, არაერთხელ ვთქვი, რომ დამოუკიდებლად მივიღე და არ ვნანობ. ვფიქრობ, რომ მაშინ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი კანდიდატურის წარდგენის თაობაზე არავისთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. წარმადგინა ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ და შემდეგ საპროკურორო საბჭოში გასაუბრება გავიარე“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.