ირაკლი შოთაძე - ფარცხალაძესთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ საპროკურორო ზედამხედველობას ვახორციელებთ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ
ირაკლი შოთაძე - ფარცხალაძესთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ საპროკურორო ზედამხედველობას ვახორციელებთ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ

ფარცხალაძესთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს, არსებობს გამოძიების ინტერესები და იმ ფარგლებს ვერ გავცდები, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურა საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებს.

„სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება აშშ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში შეყვანას. რამდენიმე დღის წინ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა საგამოძიებო დეტალებზე, ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება. გამოძიებას სუს-ი აწარმოებს.

ჩვენ საპროკურორო ზედამხედველობას ვახორციელებთ. მიმდინარეა გამოძიება, არსებობს გამოძიების ინტერესები და ვერ გავცდები იმ ფარგლებს, რაზეც უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა. არაერთი სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.

2013 წლიდან მოყოლებული, ფარცხალაძეს არანაირი შეხება არ ჰქონია პროკურატურასთან და არც შეიძლებოდა, ჰქონოდა. ესაა უბრალოდ სპეკულაცია. საჯარო ღონისძიებებზე მქონია შეხვედრები. ჩვენი სამსახურებრივი ურთიერთობა საჯაროდ ცნობილია, ყოფილა მასთან კომუნიკაცია, თუმცა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ შეხვედრა არ მქონია. საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ სამსახურებრივი ურთიერთობა გვქონდა. აშშ-ის განცხადებაზე შეფასებას ვერ გავაკეთებ, ამაზე გამოძიება მომდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, აშშ-მა რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულ პირთა შორის არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ სანქციები დაუწესა ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (ფეესბე) იყენებდა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად. ამასთან, ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ფარცხალაძე სასანქციო სიაში წარდგენილია რუსეთის ეკონომიკის საკონსულტაციო სექტორის მენეჯმენტში საქმიანობისთვის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო სუს-მა საკითხის შესწავლა 15 სექტემბერს დაიწყო.