ირაკლი შოთაძე ევროჯასტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი შოთაძე ევროჯასტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ევროკავშირის მართლმსაჯულების ორგანოს – ევროჯასტის ვიცე-პრეზიდენტს, ბოშტიან შკრლეცს შეხვდა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი გიორგი გოგაძე, საგამოძიებო ნაწილის უფროსი რევაზ ბაღაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ ბოშტიან შკრლეცს საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა საქართველოს პროკურატურასა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

ევროკავშირის მართლმსაჯულების ორგანოს – ევროჯასტის ვიცე-პრეზიდენტმა, ბოშტიან შკრლეცმა ირაკლი შოთაძეს მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურის მხრიდან გაწეული ძალისხმევისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტურ და კოორდინირებულ ბრძოლას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გზით.

ირაკლი შოთაძემ სტუმარს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ევროჯასტსა და საქართველოს შორის მომავალი თანამშრომლობის გეგმები და განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს და ასევე, მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოხატეს.

ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.