ირაკლი შოთაძე ესტონეთის გენერალურ პროკურორს, ანდრეს პარმასს შეხვდა
ირაკლი შოთაძე ესტონეთის გენერალურ პროკურორს, ანდრეს პარმასს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ესტონეთის გენერალურ პროკურორს, ანდრეს პარმასს შეხვდა, – ინფორმაციას გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და საქართველოს პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ ანდრეს პარმასს საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, გენერალურმა პროკურორებმა ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

ანდრეს პარმასმა, თავის მხრივ, ქართველ კოლეგებს მისდამი დაქვემდებარებული უწყების საქმიანობასა და გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაუზიარა.

შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა ესტონეთის გენერალურ პროკურორს უწყების შიგნით დანერგილი ციფრული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

ირაკლი შოთაძემ სტუმარს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატეს“, – აღნიშნულია გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.