ირაკლი შოთაძე - ჩაბუქი საქართველოს პროკურატურის ბრალდებული არ არის, აქ საუბარია ექსტრადირების პროცესზე
დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოს პროკურატურის ბრალდებული არ არის, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროკურტურამ სასამართლოს ჩაბუქის ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით თურქეთის პროკურატურიდან მიღებული მტკიცებულებების და სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე მიმართა.
“სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ სასამართლოს მივმართეთ. ჩაბუქის ექსტრადირების დასაშვებობის საკითხის შესწავლა სასამართლოს მიერ ხდება. ჩვენ თურქეთის პროკურატურიდან მიღებულ მასალებს წარვადგენთ. დაცვის მხარე და შესაბამისი დაინტერესებული პირი მის ხელთ არსებულ მასალებს წარადგენენ. სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს ჩვენი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე არ არის. ხსენებული პიროვნება საქართველოს პროკურატურის ბრალდებული არ არის. აქ საუბარი ექსტრადირების პროცესზეა. ეს პროცედურები თურქეთის პროკურატურიდან მიღებული მტკიცებულებების და სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე სისხლის სამართლის საერთაშორისო თანამშრომლობის კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში ტარდება”, -აღნიშნა შოთაძემ.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 თებერვლისთვის გადაიდო.