ირაკლი შოთაძე - არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პროკურატურა ხელს არავის აფარებს
ირაკლი შოთაძე - არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პროკურატურა ხელს არავის აფარებს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე პროკურატურა ხელს არავის აფარებს, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანის მამა, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა, აღარ მუშაობს პროკურატურის ორგანოებში. პროკურორის განცხადებით, დაკითხულთა ჩვენებების მიხედვით, მკვლელობაში ორი პირი იკვეთება.

“პროკურატურა არავის ხელს არ აფარებს. სპეკულაციები იყო ამ საკითხზე. იმ ადამიანის მამა, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა, აღარ მუშაობს პროკურატურის ორგანოებში. გასაგებია ადვოკატების განცდებები ეს მათი ტაქტიკაა, რეალობა არის სხვა. ყველა მონაწილე დაკითხულია. ისინი სასამართლოშიც დაიკითხებიან და შეუძლიათ მიაწოდონ ინფორამცია სასამართლოსაც. ყველა შემსწრე პირის დაკითხვისას გამოკვეთილია ორი პიროვნება. საპატიმრო ვადა არის მოკლე. ყველაფერი დადგენილია. რეალობა არის სხვა. ჩატარებულია ექსპერტიზები, დაკითხულია მოწმეები, ამოღებულია ორი იარაღი და ჩატარებულია კვალიფიციური ყოვლისმომცველი გამოძიება. საპატიმრო ვადიდან გამომდინარე, კომპლექსურ ექსპერტიზას ვერ დაველოდეთ. ბრალდების მხარე ამასაც წარადგენს. მყარი მტკიცებულებები გვაქვს და ყველა გარემოება და მოწმე მიუთითებს, რომ ფიგურირებდა ორი დანა. თუ სხვა რამე გამოიკვეთა, ჩვენ რეაგირება გვექნება”,- განაცხადა შოთაძემ.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ინციდენტიდან მეორე დღეს.