ირაკლი შოთაძე - მე არ ვემალები არანაირ პასუხისმგებლობას, პასუხისმგებელი ვარ თითოეული ჩვენი პროკურორის საქმიანობაზე
ირაკლი შოთაძე - მე არ ვემალები არანაირ პასუხისმგებლობას, პასუხისმგებელი ვარ თითოეული ჩვენი პროკურორის საქმიანობაზე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამას, ზაზა სარალიძეს შესაძლებლობა მიეცემა უშუალოდ იმუშაოს უცხოელ პროკურორებთან, რომლებიც საქმეში ჩაერთვებიან. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ზაზა სარალიძეს მიეცემა შესაძლებლობა მის ადვოკატთან ერთად, უშუალოდ იმუშაოს ამ პროკურორებთან და მათ გაუზიაროს თავი მოსაზრებები, წინადადებები გარკვეული საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედების შესახებ“, – განაცხადა შოთაძემ.

მთავარი პროკურორის თქმით, ის არ ემალება არანაირ პასუხისმგებლობას.

„მინდა საზოგადოებას ვუთხრა, მინდა ზაზა სარალიძეს ვუთხრა, რომ ჩვენ ვართ ღია და ჩვენ არაფერს არ ვემალებით. მე არ ვემალები არანაირ პასუხისმგებლობას და მე პასუხისმგებელი ვარ თითოეული ჩვენი პროკურორის საქმიანობაზე. თუმცა საზოგადოებას მინდა ავუხსნა, რომ გამოძიებამ და პროკურატურამ გააკეთეს ყველაფერი ამ ეტაპზე, რისი გაკეთებაც სამართლებრივად შესაძლებელი იყო“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მისი განმარტებით, აღნიშნული საქმე ეხება არასრულწლოვნებს, შესაბამისად, კანონით დადგენილია შეზღუდული 40-დღიანი ვადა და საქმეზე  გამოძიება მიმდინარეობდა 40 დღის განმავლობაში.

„40 დღე, როდესაც წინასწარი გამოძიება დასრულდა, ვინაიდან ეს ვადა ვერ გაგრძელდებოდა, საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოში გადაიგზავნა. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ველოდებოდით განხილვის შედეგებს. ეს პროცესი გრძელდება, არსებობს სამი ინსტანციის სასამართლო, რომ სრული მართლმსაჯულების პროცესი აღსრულდეს, არ დარჩეს კითხვის ნიშნები წარმოებული მართლმსაჯულების მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

მთავარი პროკურორის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან.