ირაკლი შიოლაშვილი - ბიძინა ივანიშვილთან მძიმე საუბარი იყო, ვერ შევძელი, ჩემი პოზიციის სისწორეში დამერწმუნებინა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან საკმაოდ მძიმე შეხვედრა ჰქონდა, სადაც პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა.
„ჩემსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს შორის საკმაოდ მძიმე შეხვედრა შედგა. ვისაუბრეთ ჩვენს პოზიციასა და მის პოზიციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვერ შევჯერდით. მემგონი, ვაწყენინე ბატონ ბიძინას. ვერ დავარწმუნე ჩვენი პოზიციის სიზუსტეში, როგორც მან ვერ დამარწმუნა, ამ კანონპროექტს რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი. ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე“, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ივანიშვილი ყველა იმ დეპუტატთან მუშაობს, ვინც შესაძლოა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ ცვლილებებს მხარი არ დაუჭიროს.
შიოლაშვილი ამბობს, რომ უჭირს პროგნოზის გაკეთება, რა შედეგით დასრულდება ხვალინდელი კენჭისყრა.
„დამრჩა შთაბეჭდილება და დაზუსტებით შემიძლია, გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა მუშაობს ყველა იმ სავარაუდო დეპუტატთან, რომელიც ჩვენს რიგებში მოიაზრებოდა. ვერ გეტყვით, ხვალისთვის რა შედეგები იქნება. შეხვედრა ჩემსა და ბატონ ბიძინას შორის პარტიის ოფისში, პირისპირ გაიმართა“, -განაცხადა შიოლაშვილმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციურ პროექტს მხარს არ დაუჭერს.
„ვაგრძელებ იმ დეპუტატებთან მუშაობას, ვინც მგონია, რომ შესაძლებია, ჩვენს პოზიციაზე იდგეს“ ,- განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.
პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ხვალ უყრის კენჭს. მაჟორიტარები კანონპროექტის ჩასაგდებად ემზადებიან.