ირაკლი სესიაშვილი - ყველა ჩვენი ნაბიჯი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის არის გადადგმული, მაგრამ ოკუპანტების მხრიდან ვხედავთ მუდმივად დესტრუქციულ რეაქციას
ყველა ჩვენი ნაბიჯი ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის არის გადადგმული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსეთის პარლამენტისთვის მიმართვასთან დაკავშირებით.
დეპუტატის თქმით, ყველა ნაბიჯთან მიმართებაში ოკუპანტების მხრიდან დესტრუქციული რეაქცია ფიქსირდება.
„ყველა ჩვენი ნაბიჯი ამ მიმართულებით, რაც შეეხება ოკუპაციის პირობებში ასე ვთქვათ მშვიდობის გაფრთხილებას, გადადგმულია ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. მაგრამ სამწუხაროდ, ოკუპანტების მხრიდან ვხედავთ მუდმივად დესტრუქციულ რეაქციას, რაც არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ეს არის ოკუპანტი. ეს არის კრემლის რეალური სახე, ამიტომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ერთი მხრივ, უსაფრთხოება იყოს დაცული და მეორე მხრივ, ჩვენი სახელმწიფო ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი შეფასებით, დე ფაქტო ცხინვალის განცხადებები ფარსია.
„ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებას და მათ განცხადებებს თუ ქმედებებს როგორც კი ახსენებთ, ჩემთვის ეს არის ფარსი. რეალურად, არის ერთი ოკუპანტი, მას ჰქვია რუსეთი და იმართება კრემლისგან. ამიტომ ყველა დანარჩენი ე.წ. განცხადებები, მიმართვები თუ მომართვები, არის აზრს მოკლებული“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ე.წ. სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო ხელისუფლებამ დახმარების თხოვნით რუსეთის პარლამენტს მიმართა.