ირაკლი სესიაშვილი - სურვილი არ გვაქვს, რომ სააკაშვილის სახით, ავანტიურისტი პოლიტიკოსი უკრაინაში რამე გადაწყვეტილებას იღებდეს
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, უკრაინაში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქცევა პოლიტიკური ავანტიურაა და ამას ძალიან მალე უკრაინის პრეზიდენტიც დაინახავს.
როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, სამწუხაროდ, უკრაინას განსაცდელი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი პროვოკაციულ მოქმედებებს უცქიროს.
„ჩვენ და უკრაინელები ძალიან სწორად ვიაზრებთ იმ დიდ მნიშვნელობას, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას ეხება. წლების განმავლობაში, სამაგალითო პარტნიორ ქვეყნებად ვითვლებით და საერთო მიზნები გაგვაჩნია. ჩვენი ვალდებულება იყო, რომ მეგობრისთვის რჩევა მიგვეცა, როცა ადამიანს თანამდებობაზე ნიშნავდნენ, რომელიც ეჭვმიტანილი და ბრალდებულია მთელ რიგ საქმეებში, რასაც დამატებითი ფაქტები არ სჭირდება. სააკაშვილის მმართველობის დანაშაულებრივი ფაქტები ინტერნეტ სივრცეში არც თუ ისე რთულად მოიპოვება.
როცა ჩვენ უკრაინელ მეგობრებს რჩევას ვაძლევდით და ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებდით, ჩვენი შეშფოთება ლოგიკური იყო, რადგან როცა გინდა, მეგობარს დაეხმარო, მას სიმართლე უნდა უთხრა და ასეც მოვიქეცით. უკრაინას საერთო მიზნების გზაზე კვლავ გვერდით დავუდგებით, მაგრამ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ ავანტიურისტი პოლიტიკოსი უკრაინაში, როგორც პარტნიორ ქვეყანაში რაიმე ფორმით რაიმე გადაწყვეტილებას იღებდეს მიუხედავად იმისა, რომ მისი თანამდებობა ასეთ შესაძლებლობას ვერ იძლევა“, – აღნიშნავს სესიაშვილი.
დეპუტატის თქმით, თუ უკრაინის ხელისუფლებას სურვილი ჰქონდა, რომ სააკაშვილი რაღაც თანამდებობაზე დაენიშნა, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ამავდროულად, ქართული მხარის ვალდებულებაა, მეგობარს შეახსენოს, რომ ეს ადამიანი ბრალდებულია ქართული სასამართლოს მიერ და მისი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულები ღიად ხელმისაწვდომია ინტერნეტ სივრცეში.
„ამას გამოძიება არ სჭირდება. ეს იცის საერთაშორისო საზოგადოებამაც. უკრაინაში სააკაშვილის ქცევა არის პოლიტიკური ავანტიურა და ამას ძალიან მალე უკრაინის პრეზიდენტიც დაინახავს. ეს ადგილობრივ პოლიტიკოსებს კარგად ესმით, რადგან ზოგიერთი მათგანი მასთან პარტნიორობაში იყო და შემდეგ, მისი რეალური სახე დაინახეს. როცა სააკაშვილი ქვეყანას მართავდა, ბევრი მხარს უჭერდა. ჩვენც აღმოვჩნდით პოლიტიკური პროპაგანდის მსხვერპლი, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ რეაგირება დროულად მოახდინა და იმედი მაქვს, უკრაინელები სააკაშვილის სახეს მალე დაინახავენ“, – განაცხადა სესიაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.