ირაკლი სესიაშვილი - თავდაცვის მინისტრისგან მოვისმენთ, რა რეალობაა შეიარაღებულ ძალებში
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი თავდაცვის სამინისტროში გატარებულ რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას მოწვევას გეგმავს.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, წლის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა, რომელიც შეიარაღებული ძალების ოპტიმიზაციას ეხებოდა.
„დარღვეული იყო ბალანსი შესაბამის წოდებასა და თანამდებობებს შორის. ამ ბალანსის დასარეგულირებლად თამამი და მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. უახლოეს ხანებში, შესაძლებლობა გვექნება, თავდაცვის მინისტრი მოვიწვიოთ და ყველა გატარებული რეფორმის ფარგლებში მოვისმინოთ, თუ რა რეალობა გვაქვს შეიარაღებულ ძალებში და რა რეფორმების გატარება იგეგმება“, – განაცხადა სესიაშვილმა.
დეპუტატის ინფორმაციით, მომზადებულია სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ხანგძლივ კონცეფციაზე მუშაობას ეფუძნება.
პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე 2018 წლის სამხედრო ძალების რაოდენობას დაამტკიცებს, რომელიც 37 ათასი ადამიანით განისაზღვრება.