ირაკლი სესიაშვილი - საერთაშორისო საზოგადოება მყარად უჭერს მხარს საქართველოს სწორ პოლიტიკას, იმედი მაქვს, რუსეთს ჩვენი კონსოლიდირებული პოზიცია შეაჩერებს
რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელოვნურად ქმნის ბარიერებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სოფელ პერევთან გადასასვლელის შესაძლო ჩაკეტვის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
„ბოლო პერიოდში რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, მათ შორის ხელოვნურად ქმნის ბარიერებს იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენს თანამოქალაქეებთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გვქონდეს ურთიერთობა, რადგან ამ ურთიერთობაში იქ მცხოვრები ადამიანები კარგად ხედავენ, რეალურად ვინ არის ოკუპანტი და ვის სურს მშვიდობა და თანაცხოვრება“, – განაცხადა სესიაშვილმა.
დეპუტატის თქმით, მსგავსი პროვოკაციები მომავალშიც მოსალოდნელია, თუმცა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა საქართველოს პოლიტიკისადმი ძალიან მყარია.
„ასეთ პროვოკაციებს მომავალშიც ველოდებით, თუმცა განსხვავებით სხვა პერიოდისა, საერთაშორისო საზოგადოება ძალიან მყარად უჭერს მხარს საქართველოს პოზიციებს, საქართველოს სწორ პოლიტიკას და იმედი მაქვს, რომ რუსეთს ჩვენი კონსოლიდირებული პოზიცია შეაჩერებს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.