ირაკლი სესიაშვილი - ოპონენტები ყველა სახელმწიფო ორგანოს დისკრედიტაციას ცდილობენ, რათა როგორმე ხელისუფლება დააზიანონ
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ოპონენტები საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ყველა სახელმწიფო ორგანოს დისკრედიტაციას ცდილობენ.
ამ კომენტარით სესიაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სასამართლო ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეს მიზანმიმართულად ფორსირებულ რეჟიმში განიხილავს.
„როცა სასამართლო პროცესები არ იმართება, კრიტიკა არის, რატომ არ იმართება დროულად, როცა დროულად იმართება, შემდეგ კრიტიკაა, რატომ იმართება დროულად. სამწუხაროდ, მე თითოეულ საქმეს ვერ გავყვები დეტალურად. ერთია, რომ პირდაპირი კომპეტენცია და ვალდებულება არ მაქვს ამისი, მეორე მხრივ, ჩემი მხრიდან პოლიტიკური შეფასება იქნება, რასაც არ ერიდებიან ოპონენტები. ოპონენტები დღეს ცდილობენ, ყველა სახელმწიფო ორგანოს დისკრედიტაციას. ეს არის მათი პირდაპირი მიზანი, რათა რამენაირად დააზიანონ ხელისუფლება, თუმცა, სამწუხაროდ, აზიანებენ სახელმწიფოს და ჩვენს თანამოქალაქეებს“,- განაცხადა სესიაშვილმა.
სესიაშვილის განმარტებით, ოპოზიციის სტილია, არ აღიაროს მათთვის მიუღებელი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა სამართლიანი იყოს ის.
„მე ვხედავ, რომ ყველა შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილება მეტ-ნაკლებად საზოგადოებაში სამართლიანადაა აღქმული. ის, რომ ოპოზიცია რაც არ უნდა სწორი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, ამას არ აღიარებს, როგორც სამართლიან გადაწყვეტილებას, ეს არის მათი პოლიტიკური ნიშა. როცა ადვოკატი ცდილობს, რომ საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს, ვფიქრობ, ისინი წყდებიან თავის პროფესიულ ნიშას. ჩემთვის ცოტა არასასიამოვნოა, როცა ადვოკატი ორიენტირებული არაა საქმის გამარჯვებაზე და შეეცდება, ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით ახსნას, ადვოკატებმა თავისი საქმე უნდა გააკეთონ“ ,- განაცხადა სესიაშვილმა.
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის “ მიიჩნევს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეს სასამართლო მიზანმიმართულად ფორსირებულ რეჟიმში განიხილავს.
კახა კოჟორიძის და ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, აღნიშნულის მიზანი „ლელოს“ ლიდერების აქტიური პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებაა.