„ლელო საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ სასამართლო ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეს მიზანმიმართულად ფორსირებულ რეჟიმში განიხილავს
„ლელო საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ სასამართლო ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეს მიზანმიმართულად ფორსირებულ რეჟიმში განიხილავს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“  მიიჩნევს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეს სასამართლო მიზანმიმართულად ფორსირებულ რეჟიმში განიხილავს.

ამ საკითხზე პარტიაში პრესკონფერენცია გაიმართა.

კახა კოჟორიძისა და ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, აღნიშნულის მიზანი „ლელოს“ ლიდერების აქტიური პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებაა.

პარტია უახლოეს დღეებში სასამართლოს წერილობით მიმართავს იმის გასარკვევად, სასამართლო პრაქტიკაში არის თუ არა სხვა საქმე, რომელიც ასეთი სწრაფი ტემპით განხილულა.

„ჩვენ ვაპირებთ, სასამართლოს მივმართოთ და ორი კითხვა დავუსვათ – ყოფილა თუ არა მოსამართლე გიორგი არევაძის სამოსამართლეო პრაქტიკაში თუნდაც ერთი საქმე, სადაც მოსამართლეს ასეთი ინტენსივობით ჩაუნიშნავს სასამართლო პროცესები. ორ თვეში დაახლოებით 20 პროცესია ჩანიშნული.

მეორე კითხვა მთელ სასამართლო სისტემას მიემართება, თუ ყოფილა სასამართლო ისტორიაში რაიმე სხვა საქმე, რომელზეც პროცესები ასეთი ინტენსივობით ჩატარებულიყო. ეს არის საქმეები, სადაც ცალსახაა პოლიტიკური მოტივაცია. ცალსახაა, რომ მოსამართლე პარტიულ დავალებებს ასრულებს. სწორედ ამიტომ, 10 ოქტომბერს პირველი პროცესი იყო და მთელი ოქტომბრის მეორე ნახევარი და ნოემბერი არცერთი პროცესი რომ არ ჩატარებულა, 22 დეკემბერს „ლელოს“ პარტიული ყრილობა ჰქონდა, პარტია დავაფუძნეთ და ძლიერი სტარტი გვქონდა. ამის შემდეგ, 27 დეკემბერს, მოსამართლემ მთელი იანვარ-თებერვალი პრაქტიკულად სასამართლოში განამწესა ხაზარაძე-ჯაფარიძე. შესაბამისად, მათ ეშლებათ ხელი, პარტიულ საქმიანობაში მიიღონ მონაწილეობა. საუბარია პარტიისთვის ორ ცენტრალურ ფიგურაზე. პარტიის თავმჯდომარეზე და გენერალურ მდივანზე. ჩვენ გვაქვს ფაქტები, ჩვენი ინფორმაციით, ამ კონკრეტულ მოსამართლეს სხვა არცერთ საქმეზე მსგავსი პრეცედენტი არ ჰქონია. ავთანდილ წერეთელმა პროკურატურას უკვე მიმართა, მიიღოს თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის აპირებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლას იანვრის ბოლო 10 დღის განმავლობაში. ეს ინფორმაცია აქვს სასამართლოს, თუმცა ამის მიუხედავად, მოსამართლემ მაინც ჩანიშნა იმ პერიოდში პროცესებში. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელია და მას აქვს დავალება, ეს საქმე ფორსირებულად დამთავრდეს“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ამასთან, პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენელის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ფულის გათეთრების საქმეში ბრალდების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

აქედან გამომდინარე, ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ლოგიკურად საქმე უნდა შეწყდეს.

„ლოგიკური იქნებოდა, ამ საქმეს მოსამართლე სამართლებრივად მიყვებოდეს, რომ ეს საქმე საერთოდ შეეწყვიტა, რადგან დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. ამის სანაცვლოდ, მოსამართლე განსაკუთრებით სწრაფი ტემპით ნიშნავს პროცესებს. ფაქტობრივად, ყოველ მეორე დღეს ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი იძულებულნი არიან, დილიდან საღამომდე დატყვევებულნი იყვნენ სასამართლო დარბაზში. მათთვის შეუძლებელია, აწარმოონ – იქნება ეს პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ სხვა ტიპის ცხოვრება. მათი საქმიანობა მნიშვნელოვნად შეფერხებულია იმის გამო, რომ მოსამართლემ არაორდინარულად სწრაფად და ფორსირებულად ჩანიშნა სასამართლო პროცესები. ასეთი პრაქტიკა ქართულ სასამართლოში დამკვიდრებული არ არის. ფორსირებულ რეჟიმში პროცესების ჩანიშვნა ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ ამ ადამიანების აქტიური ცხოვრებიდან ჩამოშორება მოხდეს, შეუძლებელი გახდეს პარტიული მშენებლობის, პარტიის პროგრამაზე და ხედვებზე მუშაობის ეფექტურად წარმართვა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ფულის გათეთრების მუხლით აქვთ წარდგენილი, ხოლო ავთანდილ წერეთელს გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

დატოვე კომენტარი