ირაკლი სესიაშვილი - ოპონენტები ცდილობენ, უწესობის სტანდარტი დაამკვიდრონ
ოპონენტები ცდილობენ, უწესობის სტანდარტი დაამკვიდრონ ჩვენს საზოგადოებაში,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
ირაკლი სესიაშვილმა უწესობის სტანდარტი უწოდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქციელს, რომლებსაც პრეტენზია აქვთ დამოუკიდებლობაზე და ამავდროულად ხმას არ იღებენ ქალზე განხორციელებულ ფაშისტურ თავდასხმებზე,
„ როცა სიძულვილის ენა არის ოპონენტების ძირითადი ინსტრუმენტი, ეს არის ქვეყნის დემოკრატიისთვის მიუღებელი და უწესობა. ქალ პრეზიდენტობის კანდიდატს თავს ესხმიან უსაფუძვლოდ და რეაქცია არ აქვთ, როცა სიძულვილის ენა მეფობს, რეაქცია აქვთ მხოლოდ ჩვენს მითითებასა და კრიტიკაზე. ჩვენი მხრიდან რჩევაა, დაფიქრდნენ იმ სამოქალაქო გამოწვევაზე, რასაც ჰქვია სამოქალაქო ინტერესების სადარაჯოზე ყოფნა“,- განაცხადა სესიაშვილმა.
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქპოსტი გაავრცელა, რომელშიც წერს: „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება“.
ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გვარამიას განცხადებას დღემდე არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამოხმაურებიან.
„ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე, სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.