ირაკლი სესიაშვილი - ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები კარგად ხვდებიან, რომ ნატო-სკენ სწრაფვა ჩვენს საერთო ინტერესებში შედის
მაქვს განცდა და მოლოდინი, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები კარგად ხვდებიან, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლების და ხალხის ნატო-სკენ სწრაფვა, ჩვენს საერთო ინტერესებში შედის, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, საქართველოს მილიტარისტულ განწყობებთან დაკავშირებით სეპარატისტული რეჟიმის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს.
„სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ. მაგრამ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა, ვუთხრა, რომ ნატო და ევროკავშირი ეს ის ჩვენი საერთო ოჯახია, სადაც ჩვენ მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა, კეთილდღეობა და ერთად თანაცხოვრება გვექნება.
ამიტომ, პირველ რიგში, მაქვს განცდა და მოლოდინი, რომ იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები კარგად ხვდებიან, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ნატო-სკენ სწრაფვა საერთო ინტერესებში შედის,” – განაცხადა სესიაშვილმა.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოუწოდებს რუსეთს, გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გუშინ, მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას ოკუპირებულ სოხუმში გამოეხმაურნენ. აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ „სტოლტენბერგის განცხადებები საქართველოს მილიტარისტულ განწყობებს ასაზრდოებს.”