ოკუპირებულ სოხუმში მიიჩნევენ, რომ „სტოლტენბერგის განცხადებები საქართველოს მილიტარისტულ განწყობებს ასაზრდოებს"
ოკუპირებულ სოხუმში მიიჩნევენ, რომ „სტოლტენბერგის განცხადებები საქართველოს მილიტარისტულ განწყობებს ასაზრდოებს"

სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა. საქმე ეხება იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომელშიც მან რუსეთს მოუწოდა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უკან წაიღონ.

როგორც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ასეთი „რიტუალური განცხადებები და პოლიტიზებული ქართული რეზოლუციების მხარდაჭერა, ისევე როგორც ნატო-სთან სამხედრო პოლიტიკური თანამშრომლობის წაქეზება, საქართველოს მმართველებს გადაჭარბებულ იმედებს უჩენს, ასევე ასაზრდოებს მილიტარისტულ განწყობებს და ძირს უთხრის ამიერკავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ძალისხმევას.“

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ „თბილისი ფსონს დებს ნატო-ს სამხედრო სტრუქტურებში ინტეგრაციას, რაც სულ უფრო საეჭვოს ხდის საქართველოს მიერ დეკლარირებულ „მშვიდობიან“ პოლიტიკას და „საქართველოს ოფიციალური პირების არც ერთი მეგობრული განცხადება, ვერ დამალავს იმ ფაქტს, რომ საქართველო დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით სამხედრო პოტენციალს ზრდის.“

„დარწმუნებულები ვართ, საქართველოსა და ნატო-ს აქტიური თანამშრომლობის პროცესი ჟენევის დისკუსიებზე, საერთაშორისო შუამავლებისა და კონსულტაციების მონაწილეთა განხილვის სერიოზული საგანი უნდა იყოს. აუცილებელია, ცხადად გავიგოთ, რომ თბილისის შესაძლო მცდელობები, ძირი გამოუთხაროს ამიერკავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ძალისხმევას, ხისტად იქნება აღკვეთილი,“ – აღნიშნულია საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაში.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოუწოდებს რუსეთს, გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გუშინ მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.