ირაკლი სესიაშვილი - მალხაზ მაჩალიკაშვილის ვერც პროკურორი გავხდები და ვერც ადვოკატი, ამას გამოძიება სჭირდება
როგორ, ჩვენ ვაიძულეთ მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომ ასეთი რაღაცები ეთქვა, თუ რეაქცია არ უნდა მოგვეხდინა, რომ თქვა?! – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.
„ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ საქმეში ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესებია. როგორ, ჩვენ ვაიძულეთ მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომ ასეთი რაღაცები ეთქვა, თუ რომ თქვა, რეაქცია არ უნდა მოგვეხდინა?! თუ დაგვეკავებინა და რისთვის დაგვეკავებინა?! მერე მოვიდოდა ოპოზიცია და გვეტყოდა, რომ ამ ემოციურმა კაცმა ემოციური განცხადება გააკეთა და ამის გამო ციხეში უნდა ჩასვათო“, – განაცხადა სესიაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ექმნება თუ არა მას ჩანაწერიდან შთაბეჭდილება, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა რეალური იყო და ის ასეთ მძიმე დანაშაულს გეგმავდა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ამას ნამდვილად ვერ იტყვის.
„ეს ჩემი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. მალხაზ მაჩალიკაშვილის ვერც პროკურორი გავხდები და ვერც ადვოკატი. ამას გამოძიება სჭირდება და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, არსებობდა თუ არა სხვა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც რეალობაში შექმნიდა იმ სურათს, რომ მას ეს განზრახვა რეალურად სურდა აღესრულებინა. ეს ინფორმაცია არ მაქვს და ვერც მექნება. დაკითხვების პირობებში, სხვადასხვა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სუს-ს უკვე შეეძლება, საერთო სურათი შექმნას“, – განაცხადა სესიაშვილმა.
დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ პროკურატურამ თავიდან ბოლომდე იცის სურათი, თუ რა მოხდა პანკისის სპეცოპერაციის დროს.
„პროკურატურამ თავიდან ბოლომდე იცის, ვინ მონაწილეობდა სპეცოპერაციაში, ბრძანება ვინ გასცა, ტერიტორიაზე ვინ იმყოფებოდა და ა.შ. ყველა პირი დაკითხულია და როცა ცნობილია, რომ სოსო გოგაშვილი, თუ სხვა ხელმძღვანელი პირი ადგილზე არ იმყოფებოდა, ბუნებრივია, სოსო გოგაშვილს არ დაკითხავს და არც სხვას არ დაკითხავს“, – აღნიშნა სესიაშვილმა
ამ განცხადებით ირაკლი სესიაშვილი „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა, რომ მისთვის შოკის მომგვრელია ის ფაქტი, რომ სოსო გოგაშვილმა პროკურატურას დღეს დართო ნება, მისთვის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კითხვა დაესვათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თურმე, მისთვის დღემდე კითხვაც არავის დაუსვამს.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა მმართველი გუნდი მხარს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკურად მას ერჩივნა, ეს საქმე საზოგადოების ფართო ფენებისთვის ცნობილი გამხდარიყო, მაგრამ „შექმნილ ვითარებაში, ითვალისწინებს რა მაღალ პოლიტიზებულ მოცემულობას და იმას, რომ პოლიტიკურ მედიას და ოპონენტებს ტყუილის არ რცხვენიათ და შეუძლიათ, ნებისმიერი თემის პერეფრაზირება მოახდინონ, უცნობია, ამის შემდეგ რა რისკები წარმოიქმნება მათ შორის, პანკისში”. სესიაშვილის თქმით, ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, კომისიის შექმნას მხარს ვერ დაუჭერს.