ირაკლი სესიაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მაჩალიკაშვილის საქმის სამართლებრივ-საპროცესო საკითხების შეფასებისგან თავს იკავებს.
„ცხადია, მე ამ სამართლებრივ-საპროცესო საკითხებს ვერ შევაფასებ იმდენად, რამდენადაც ეს არის, ერთი მხრივ, საგამოძიებო პროცესი და, მეორე მხრივ, არის დაცვის მხარე, რომელსაც თავისი ინტეერესები აქვს. ამიტომ, ჩემი მხრიდან რაიმე შეფასება არასწორი იქნება“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
სესიაშვილი საქმის სტრასბურგის სასამართლოში განხილვის საკითხზე აცხადებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.
ამასთან, სესიაშვილი მიიჩნევს, რომ სალოსის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფომ სრულფასოვანი გამოძიება ჩაატარა. სესიაშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალიან სწორმა და დროულმა მოქმედებამ ქვეყანას სერიოზული საფრთხე თავიდან ააცილა.
„ვფიქრობ, სახელმწიფომ ჩაატარა სრულფასოვანი გამოძიება, თავად ბერი სალოსის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მე მაქვს აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია, ყოველი დეტალი ჩემთვის ცნობილია, მათ შორის, ვინ რა ფორმით, როგორ მონაწილეობდა და სახელმწიფომ რა რეაქცია მოახდინა. კიდევ ერთხელ შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალიან სწორმა და დროულმა მოქმედებამ ძალიან სერიოზულ საფრთხეს ააცილა. რაც შეეხება ამ გამოძიებას, სახელმწიფომ ჩაატარა გამოძიება, თავისთავად ცხადია, მე მისი გამოძიების მიმართ და შესაბამისი დასკვნების მიმართ მაქვს სრული ნდობა. დანარჩენი, თუ ვინმეს აქვს კითხვები, შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოებს“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
აქვე, სესიაშვილმა დასძინა, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ევროსასამართლოში მაჩალიკაშვილის საქმეზე მხარეთა შორის მორიგება არ შედგა.