ირაკლი სესიაშვილი - დიპლომატიურ დონეზე ძლიერ მოკავშირეობას ვხედავთ დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან
ირაკლი სესიაშვილი - დიპლომატიურ დონეზე ძლიერ მოკავშირეობას ვხედავთ დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან

ოპონენტები ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, თითქოს, საქართველო საერთაშორისო პოლიტიკური არენიდან გამქრალია, მაშინ, როცა დიპლომატიურ დონეზე ძლიერ თანამშრომლობასა და მოკავშირეობას ვხედავთ დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ამერიკული გამოცემა „ჰილის“ სტატიასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ს სჭირდება საქართველოს მსგავსი სანდო მოკავშირე.

დეპუტატის თქმით, ამერიკის მხრიდან მოკავშირეობა გამოიხატება, როგორც ფინანსურ, ასევე პოლიტიკურ მხარდაჭერაში.

„ათწლეულების განმავლობაში, საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებასა და პარტნიორ ქვეყნებს დაუმტკიცა, რომ არის ძლიერი, კარგად მომზადებული და სანდო მოკავშირე, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების ნაწილში. ამ ყველაფერს მხარს უმაგრებს დემოკრატიული განვითარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კონტექსტისა და საერთო მიზნების უზრუნველყოფისთვის. ცხადია, ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა, მდგრადობა და სანდოობა საერთაშორისო პარტნიორებისთვის დამატებითი საშუალებაა, რომ ჩვენი სწრაფვა ევროატლანტიკური სივრცისკენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ და ძლიერი მხარდამჭერები უნდა გვყავდეს. ამ ყველაფერს გეოპოლიტიკური ვითარება და ის გამოწვევები ახლავს, რაც რეგიონსა და მსოფლიოში არის“, – აღნიშნავს სესიაშვილი.

კანონმდებელი მიიჩნევს, რომ საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მოცემულობით მიმზიდველია.

„შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო აღიარებულია, როგორც ძლიერი და სანდო პარტნიორი. სანდოობას ხაზს ვუსვამ, რისი გამომხატველიც პრაქტიკაში ისაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს. ბოლო პერიოდში ინტენსიურია მაღალი ხარისხის თანამშროლობა და ამასთანავე, ამერიკისგან წელს ყველაზე დიდი ფინანსური მხარდაჭერა მივიღეთ, რაც საერთო მიზნებს წაადგება. ჩვენსა და ამერიკას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ და ძლიერ ეტაპზე გადავა. განსაკუთრებით, თავდაცვით სფეროში საქართველო აღიარებულია არა მხოლოდ როგორც ძლიერი პარტნიორი, არამედ სანდო და მაღალ პროფესიონალური უნარ-ჩვევებით აღჭურვილი ქვეყანა“, – განაცხადა სესიაშვილმა.