ირაკლი ქარსელაძე - წითელი ხიდიდან სარფამდე გადაადგილება 4-4.5 საათში იქნება შესაძლებელი
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქარსელაძე დიპლომატიურ კორპუსს, ბიზნეს ასოციაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საუბარია რიკოთის მონაკვეთზე ავტობანის, ასევე ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე გვირაბისა და საავტომობილო გზის მშენებლობაზე.
ქარსელაძის ინფორმაციით, შესაბამისი სამშენებლო ტენდერების გამოცხადება უკვე ივნისში იგეგმება. პროექტებზე 2 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება. მშენებლობის დაწყება 2019 წლის იანვრიდან, დასრულება კი 2021-2022 წლებში იგეგმება.
„რიკოთის მონაკვეთი იქნება გარღვევა აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორის განვითარებაში. საბოლოო ჯამში, მივაღწევთ იმას, რომ შემცირდება კორიდორის მთლიანი სიგრძე და გადაადგილების დრო. თუ დღეს 7-8 საათია საჭირო წითელი ხიდიდან სარფამდე მონაკვეთის დასაფარად, ეს 4-4.5 საათამდე შემცირდება. ასევე, გაიზრდება გადაადგილების სიჩქარე – რიგ მონაკვეთებში, ფაქტობრივად, გაორმაგდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აღნიშნული გადაადგილება იქნება თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით“, – აღნიშნა ქარსელაძემ.
რაც შეეხება ქვეშეთი-კობის მონაკვეთს, იგეგმება 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა, რომლითაც გადაადგილება სტეფანწმინდის მიმართულებით ნებისმიერ ამინდში იქნება შესაძლებელი.
„აღნიშნული იქნება უმნიშვნელოვანესი წერტილი ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულების განვითარებისთვის“, – განაცხადა გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.