ირაკლი ქარსელაძე - წელს მთის გზების განვითარების ფარგლებში 19 პროექტი მიმდინარეობს
მთის გზებისთვის მიმდინარე წელს 64 მლნ ლარია გამოყოფილი და ცხრა თვის მონაცემებით, 19 პროექტი მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო-სამეშენელო სამუშაოები ჯამში 137.8 კმ გზაზე ხორციელდება, მათ შორისაა საჩხერე-ონის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები, სადაც 51 კმ-იანი გზა შვიდ ლოტად არის დაყოფილი და პროექტის ჯამური საორიენტაციო ღირებულება 108.5 მლნ ლარია. ქარსელაძე აცხადებს, რომ აღნიშნული გზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ თბილისიდან ონის მიმართულებით ექვს საათიანი მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, დაწყებულია და 2019-2022 წლებში ეტაპობრივად დასრულდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სამშენებლო სამუშაოები, რომლის მთლიანი სიგრძე 61,5 კმ-ია. პროექტი ცხრა ლოტად არის დაყოფილი და საორიენტაციო ღირებულება 323,8 მლნ ლარია. ზეკარის უღელტეხილზე გათვალისწინებულია სამ კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა, რაც გზის 12 თვის განმავლობაში ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
ქარსელაძის განცხადებით, აღნიშნული სამუშაოები, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე ოთხ საათიანი მგზავრობის დრო 1.5 საათით შეამცირებს.
„ასევე, აღსანიშნავია სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ახმეტის საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტი. დღეისთვის, სამუშაოები ცხრა მონაკვეთზე მიმდინარეობს, რომლის ჯამური სიგრძე 65 კმ-ს შეადგენს. 2020-2022 წლებში პროექტი ეტაპობრივად დასრულდება, ხოლო უკვე მომავალ წელს, თბილისიდან შატილის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება,“- აღნიშნა საკომიტეტო მოსმენაზე ირაკლი ქარსელაძემ.