ირაკლი ქარსელაძე - წელს დაგეგმილი საგზაო მონაკვეთების გახსნით, თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილებას 3:40 საათი დასჭირდება
წელს დაგეგმილია სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მეოთხე მონაკვეთების დასრულება. აღნიშნული გზა სავსე იყო გამოწვევებით. მიუხედავად ამისა, ჯამში 21 კმ გზა უკვე წელს დასრულდება, რაც ზესტაფონის არგვეთას კვანძიდან ლანჩხუთამდე 86 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზით გადაადგილების საშუალებას მოგვცემს, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ და მეოთხე მონაკვეთებზე ქართული კომპანიები მუშაობენ, ხოლო მესამე მონაკვეთის ასაშენებლად სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.
ასევე, მინისტრის თქმით, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს გრიგოლეთი-ქობულეთის 14 კმ-იან მონაკვეთზე, საიდანაც წელს დაგეგმილია 11 კმ-ის, ხოლო 2023 წელს – დარჩენილი სამი კმ-ის დასრულება.
„შესაბამისად, 2022 წელს დაგეგმილი საგზაო მონაკვეთების გახსნის შედეგად, თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო კიდევ უფრო შემცირდება და მგზავრობას მხოლოდ სამ საათსა და 40 წუთს მოვანდომებთ“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.