ირაკლი ქარსელაძე - ვაგრძელებთ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შესრულებას და ამ სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს
ვაგრძელებთ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შესრულებას და ამ სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. დღეს დავამტკიცეთ საბიუჯეტო კოდექსში შესატანი ცვლილებათა პროექტი, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტების შემოსულობების თანმიმდევრული ზრდა ძლიერი თვითმმართველობისთვის,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, კანონპროექტით, ცვლილებების ამოქმედება გათვალისწინებულია 2023 წლის პირველი იანვრიდან. შედეგად, ეტაპობრივად გაიზრდება მუნიციპალიტეტის შემოსულობები მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების განკარგვიდან.
„იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებისა და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტმა მიიღონ დამატებითი შემოსავალი ქონებიდან, რომლებიც არის მათ ტერიტორიაზე, ცვლილებები კოდექსში იქნება შემდეგი სახის: სახელმწიფო მიწის იჯარაში და მართვაში გადაცემიდან 15 პროცენტული ერთეულით გაიზრდება ბიუჯეტებს შორის გადანაწილება (ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ) და შესაბამისად, დღეს არსებული გადანაწილების (65/35-ზე) ნაცვლად 2023 წელს 60/40-ზე იქნება, ხოლო 2024 წელს — 50/50-ზე.
2024 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან 25 პროცენტული ერთეულით გაიზრდება ბიუჯეტებს შორის გადანაწილება და შესაბამისად, ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლის უკვე 90% დარჩება, ნაცვლად არსებული 65%-სა. ასევე, 2024 წლიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვებიდან 10%-იანი მატება იქნება კვლავ მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ და ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალი გახდება უკვე 60%, ნაცვლად არსებული 50%-ისა. ასევე, 2024 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივები, შენობა-ნაგებობები და არასასოფლო მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გაყიდვიდან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ მიემართება დამატებით 5%, რომელიც ნაცვლად 35%-ისა უკვე 40% გახდება. ეს არის ის წარმატებული პრაქტიკა, რაც ჩვენ დეცენტრალიზაციის სტრატეგიით უკვე გვაქვს განსაზღვრული და გეგმაზომიერად ვახორციელებთ“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ გასული ორი წელი, დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებასთან მიმართებაში, წარმატებული იყო. ცვლილებების პროექტიც ბიუჯეტის კანონში იმ ქმედითი ინიციატივების ნაწილია, რომლებიც განსაზღვრულია როგორც ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებების გაზრდისათვის, ისე მათი ფინანსური გაძლიერებისა და დამოუკიდებლობისათვის.