ირაკლი ქარსელაძე - ურბანული განახლების პროექტები გრძელდება, „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში 40 ჰექტარზე მეტ ფართობზე მოეწყო ახალი რეკრეაციული სივრცეები
ირაკლი ქარსელაძე - ურბანული განახლების პროექტები გრძელდება, „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში 40 ჰექტარზე მეტ ფართობზე მოეწყო ახალი რეკრეაციული სივრცეები

მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაგრძელებთ ურბანული განახლების პროექტებს. მათ შორისაა პროგრამა „განახლებული რეგიონები“, რომლის ფარგლებში, ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით და უწყებების აქტიური მონაწილეობით შერჩეულ მდებარეობებზე მიმდინარეობდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ, პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულებულია, ზოგიერთ მდებარეობაში გრძელდება მეორე ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები.

„პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოეწყო 100-მდე პარკი და სკვერი; 40 ჰექტარზე მეტ ფართობზე მოეწყო ახალი რეკრეაციული სივრცეები; განახლდა 730-ზე მეტი შენობა; აშენდა 1 კმ-იანი ბულვარი ქობულეთში. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს 2023 წელს დაწყებული „ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ ახალი სახელმწიფო პროგრამა. პროგრამა 5-წლიანია და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება. პროგრამის პირველ ეტაპზე შერჩეულია 10 მდებარეობა. ამ ეტაპისთვის პროექტები დაწყებულია ბორჯომში, ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში, ბათუმში, მესტიაში, მცხეთაში, ზუგდიდსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში; დაგეგმილია ბაკურიანის არეალზე ტენდერის გამოცხადება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ამასთან, როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, გრძელდება სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიერ მხარდაჭერილი რეგიონული და ურბანული განახლების პროექტები, რომელთა დასრულებაც 2024 წელს არის დაგეგმილი.